საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 11-13 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს 11 თებერვალს სიტყვით მიმართავს.
პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
„2025 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის მთავარი თემაა „მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება“ და მას ექვსი ათასზე მეტი მონაწილე ჰყავს. სამიტი, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოწვევებთან გამკლავების ინოვაციურ გზებზე მსჯელობისთვის თავს უყრის მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. მათ შორის არიან მთავრობების მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ხელმძღვანელი პირები, ასევე წამყვანი ექსპერტები. 2025 წლის სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს. რიგით მე-12 სამიტის პროგრამა ფოკუსირებულია 6 ძირითად თემატურ მიმართულებაზე: ეფექტური მართვა და ანგარიშვალდებულება; მომავლისა და გლობალური ეკონომიკის დაფინანსება; კლიმატი და მდგრადი ქალაქები; ადამიანზე ორიენტირებული მომავალი და შესაძლებლობების განვითარება; გლობალური ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია; განვითარებადი ტენდენციები და მომავალი“,- ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.