რა ტიპის სამედიცინო გამოკვლევები უტარდება ბათუმის აქციების მედროშედ ცნობილ თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? უფლებადამცველები ამბობენ, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შს სამინისტრო ინფორმაციას არ აწვდის. თემურ ქათამაძე უკვე 25-ე დღეა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში შიმშილობს.
ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულს უჭირს გადაადგილება და თვალსაჩინოა წონის კლებაც.
თურქეთის მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი თემურ ქათამაძე შსს-მ მიმდინარე წლის ჯერ 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით 5 დღით, შემდეგ კი 16 იანვარს ხელახლა დააკავა. მისი ქვეყნიდან გაძევების საქმის განხილვამდე, იგი მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. ცენტრში მოთავსებისთანავე ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.