ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება. პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას სამფენიანი ასფალტის საფარით.
ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.
"სამუშაოების სრული ღირებულება 22 მილიონამდე ლარს შეადგენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მაისის ბოლომდე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე - ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში.
ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.
შეიცვლება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა, კერძოდ:
#1 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შ. ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე, ხოლო #1ა - ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის (ნაწილი), თავდადებულის, გორგილაძის, გრიბოედოვისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე.
#7-#7ა-#11 სამარშრუტო ხაზები იმოძრავებენ გორგილაძის ქუჩის გავლით.
#10 და #10ა სამარშრუტო ხაზები - შ. ხიმშიაშვილის, გრიბოედოვის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულებისას - ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის (ნაწილი), თავდადებულის, გორგილაძის, გრიბოედოვისა და შ. ხიმშიაშვილის ქუჩებზე.
#15 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს მელიქიშვილის, გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბაქოს ქუჩებზე. უკუმიმართულებისას - ბაქოს, გოგებაშვილის, რუსთაველის (ნაწილი), თავდადებულის, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩებზე.
ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში.