ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი - ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა , პრემიერმა ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი .
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა საქართველო ოკუპირებული რეგიონების დაბრუნებას, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამას ალტერნატივა არ აქვს.
რუსეთთან ურთიერთობებისა და საქართველოში რუსეთის საელჩოს შესაძლო გახსნის შესახებ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებაში პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების გამო, ახლა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დრო არ არის.