სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.
მალხაზ ურთქმელიძის თქმით, პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელს მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა.
„მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები ტარდება პრაქტიკულად ყოველდღიურად. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება.
ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია. ამ ეტაპზე, მზია ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეში არ არის. მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში.
მოვუწოდებთ მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ურთქმელიძემ.