ოპოზიციას სინამდვილეში აქვს თვითლიკვიდაციის გეგმა, რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა - პრემიერი

27 იანვარი 2025, 15:21 193 ნახვა

ოპოზიციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი გეგმა, ეს არის თვითლიკვიდაციის გეგმა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება დემოკრატიული სისტემა.

„რეალურად იმ ქმედებებით, რასაც ისინი ახორციელებენ არჩევნების შემდეგ, ახორციელებენ თვითლიკვიდაციას, თვითონვე ასუსტებენ კიდევ უფრო მეტად საკუთარ პოზიციებს. შესაბამისად, ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის. რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ოპოზიციის შემდგომ დასუსტებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისივე თქმით, ოპოზიციის მოქმედებები არის გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება.

პრემიერის თქმით, ისინი ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს და მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული.

„ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც შეეხება ოპოზიციის მოქმედებას, ჩვენ ვიცით, რომ მათი მოქმედებები არის თავიდან ბოლომდე გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება, თუმცა, ისინი ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაშიც, მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული. ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის გარეთ, თუმცა თავისთავად ეს არის სამწუხარო, მაგრამ საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ისედაც არის გაერთიანებული. ისინი არიან ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“,

მთავრობის მეთაურის თქმით, მათი ერთიანობის მთავარი საფუძველი არის ის, რომ მათ ჰყავთ საერთო პატრონი.

„თუმცა, ვერც ერთიანად და ვერც ცალ-ცალკე მათ არავითარი წარმატების შანსი არ აქვთ იმიტომ, რომ საზოგადოებამ იცის მათი წარსული, აწმყო და შესაბამისად, კარგად შეუძლია გაიაზროს ის, თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპოზიციის თუნდაც რაიმე უმნიშვნელო წარმატება. შესაბამისად, არც ერთიანობით და არც დაშლით მათ არავითარი წარმატების რესურსი არ აქვთ. ეს არის ის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში