სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, მოქმედებს იმ საერთო მესიჯბოქსით და გეგმებით, რომელიც „დიფ სთეითმა“ შეუკვეთა ამ ხალხს - მდინარაძე

09 იანვარი 2025, 14:28 119 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, მოქმედებს იმ საერთო მესიჯბოქსით და გეგმებით, რომელიც „დიფ სთეითმა“ შეუკვეთა ამ ხალხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატობა არის ჯილდო დამსახურებისთვის. რა დაუფასდა სალომე ზურაბიშვილს?“

„მაკკეინის ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც ნერვიულობდა და ამას თავის განცხადებებში არ მალავდა, გამოხატავდა, რომ საქართველოში მიმდინარე აქციებს მსხვერპლი არ მოჰყვა. როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, სალომე ზურაბიშვილი გახდა ამ ინსტიტუტის სტიპენდიატი. მგონი, დასკვნების გამოტანა არ არის რთული. ეს ადამიანი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსით და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ სთეითმა“ შეუკვეთა ამ ხალხს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის კისინჯერის სტიპენდიატად 7 იანვარს დასახელდა.

მამუკა მდინარაძე სამი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი მიმართვასაც გამოეხმაურა. მისივე განმარტებით, ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ.

„ეს არის საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, რომ საქართველო რა შეიძლება, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რათა აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ იმდენად იყოს ევროსტრუქტურებთან და შეერთებულ შტატებთან გართულებული ურთიერთობები, რომ ამის დალაგებას ან დიდი დრო დასჭირდეს, ან გართულდეს. მტრობა ჰქვია ამას და მეტი არაფერი, შეუძლებელია, სხვანაირად შეაფასო ის ყოველდღიური მათი - შეუძლებელია, საქმიანობად შეაფასო, ეს არის მტრობა საკუთარი ქვეყნის, რომელსაც ისინი სჩადიან და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამას არ აკეთებენ თავისი ნებით.

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მათი ნაბიჯი არის გარედან ნაკარნახევი გეგმის მიხედვით გადადგმული. სხვანაირად ისინი არ მოქმედებენ, არც აქვთ უფლება, რომ სხვანაირად იმოქმედონ - რასაც უკარნახებენ, იმას აკეთებენ. ჩვენ ვნახეთ უკვე წარმავალი ადმინისტრაციის ნაბიჯები, ყველაზე რადიკალური ეს ნაბიჯები გახდა ბოლო პერიოდში და შესაბამისად მოქმედებენ მათი აგენტურის წარმომადგენლებიც საქართველოში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აღნიშნულ თემაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაიოცნალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართეს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში