ვიმედოვნებდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ადამიანი მაინც იქნებოდა მართალი სინდისისა და ქვეყნის წინაშე, მაგრამ შევცდი - პრეზიდენტი

03 დეკემბერი 2024, 19:47 190 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა თავის თავს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, იმედოვნებდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი ადამიანი მაინც იქნებოდა მართალი სინდისისა და ქვეყნის წინაშე, მაგრამ, ზურაბიშვილის განცხადებით, შეცდა.

"ის შანსი, რაც არსებობდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დავბრუნებულიყავით საკონსტიტუციო ჩარჩოში, იმ სიტუაციამ, სადაც ვიყავით არჩევნებამდე, რომელიც არის საწყისი მთელი ამ არალეგიტიმური, ერთი მეორეზე გადაბმული მოვლენების, დღეს მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს – არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც დაკარგა თავისი არსება და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუტებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებული არიან ერთპარტიულ წყობაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში დამკვიდრდა.

კითხვა ისმოდა და ისმის ალბათ, რატომ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, როცა უკვე ვიცოდით, რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა. ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. იმედი თუ ნდობა, რომ საკონსტიტუციო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე, მაგრამ ჩემთვის, პირველ რიგში, ყოველთვის არსებობს ადამიანების იმედი. მით უმეტეს, ამ ქვეყანაში, სადაც ადამიანებმა არაერთხელ გამოაჩინეს ის შინაგანი ძალა, რომ შეიძლება, გადაუდგე იმ მოვლენებს და დადგე როგორც პიროვნება.

მე სადღაც ჩემში მქონდა იმედი, რომ ადამიანებმა როდესაც იციან, რომ მათზეა დამოკიდებული, ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, კონსტიტუციურ წყობას და შემდეგ – პოლიტიკურ პროცესს, ადამიანებს, როცა ისტორიაში მოცემული აქვთ ეს ერთი საშუალება, რომელიც არასოდეს დაბრუნდება და როცა ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რომლებიც შეიძლება, განვითარდეს – ვთვლიდი, მჯეროდა და ვიმედოვნებდი, რომ სამი ადამიანი მაინც მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას და იქნებოდა მართალი თავისი სინდისისა და ქვეყნის წინაშე. შევცდი. შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციაში და დახიეს მთლიანად. ხელისუფლება რჩება რა – რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ, რაც არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და, მეორე მხარეს რჩება ერთი ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი. ეს არის ივანიშვილი. ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი გამოსავალი. მისი პასუხისმგებლობა არის, დააბრუნოს თავისი რეჟიმი არაძალადობრივ მდგომარეობაში, ხალხს მოუსმინოს. ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაქვეყნა.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში