გივი მიქანაძე - ჩვენი განცხადება არანაირად არ სვამს კითხვის ნიშანს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

29 ნოემბერი 2024, 00:17 112 ნახვა

ჩვენ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა სხვადასხვა მექანიზმი არ უნდა იყოს შანტაჟის ფორმით გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ განცხადება აბსოლუტურად არ სვამს კითხვის ნიშანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გივი მიქანაძის განმარტებით, ხელისუფლება მიყვება იმ გზას, რომელიც პირველ რიგში განსაზღვრულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დოკუმენტით. „მოგეხსენებათ, გაიმართა უმრავლესობის სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რაც შემდეგ პრემიერმა გააჟღერა და ცხადზე ცხადად ისაუბრა, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება უკვე მერამდენედ არის გამოყენებული რადიკალიზაციის კონტექსტში საქართველოში და ერთგვარი შანტაჟის ფორმით საქართველოსთან მიმართებით, რაც ყოვლად დაუშვებელია.
ჩვენ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა სხვადასხვა მექანიზმი არ უნდა იყოს შანტაჟის ფორმით გამოყენებული. ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც აბსოლუტურად არანაირად არ სვამს კითხვის ნიშანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. პირიქით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მივყვებით იმ გზას, რომელიც პირველ რიგში განსაზღვრულია იმ მთავარი დოკუმენტით, რომელსაც ჰქვია ასოცირების შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. სწორედ ეს შეთანხმებაა იმ ვალდებულებების შესრულება, რომლითაც საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ეს წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც განვაცხადეთ და დღესაც დავადასტურეთ, რომ ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი იქნება შესრულებული 2028 წლის ბოლოსთვის, რაც მიუთითებს, რომ საქართველო უკვე მოემზადება ევროკავშირში შესასვლელად.
შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაყენებული საკითხი მოლაპარაკებების გახსნაზე. როდესაც ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გაქვს შესრულებული, მაშინ მოლაპარაკებების პროცესის გახსნა ძალიან მალევე ჩაიხურება, რადგან იქ უკვე დიდი ვალდებულებები აღარ არის შესასრულებელი. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის თქმის გარანტიას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული, რათა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ მშვიდად რომ გააგრძელოს განვითარება და წინსვლა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენი მხრიდან არ დაისმევა ეს საკითხი, რათა ვინმეს მიერ არ იყოს ეს კონკრეტული მექანიზმი გამოყენებული გარკვეული შანტაჟის ფორმით. ამ მოცემულობას არავითარ ჩრდილს არ აყენებს, პირიქით, საუბარია საქმიან პოზიციაზე, რომელიც ევროკავშირისკენ წინსვლას ითვალისწინებს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, სატელეფონო საუბრისას. გივი მიქანაძე ამბობს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მხრიდან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. „არასწორი ინტერპრეტაციით მოხდა მორიგ ჯერზე სიცრუის ტირაჟირება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში