მელიქიშვილის გამზირზე ვრჩებით პოლიციის დანაყოფები, მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, მოექცნენ კანონის ჩარჩოებში - ვაჟა სირაძე

19 ნოემბერი 2024, 17:25 131 ნახვა

მელიქიშვილის გამზირზე ვრჩებით პოლიციის დანაყოფები, ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს და კვლავ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, მოექცნენ კანონის ჩარჩოებში, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს არაერთხელ განემარტათ, რომ პროტესტი კანონის ფარგლებში უნდა გამოხატონ.

„აქციის მიმდინარეობისას გარკვეულმა პირებმა გამოხატეს აგრესია, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ადმინისტრაციული წესით იქნენ დაკავებული, რასთან დაკავშირებითაც განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. რაც შეეხება დრონს და სხვადასხვა სახის ქმედებებს, აღნიშნული დაფიქსირებულია ჩვენს მიერ, რასაც რიგ შემთხვევაში მოჰყვა რეაგირება და გარკვეული პირები ადმინისტრაციულად დაკავდნენ. რიგ შემთხვევაში საზოგადოებამ და მათ შორის ჟურნალისტებმაც დაინახეს, რა სახის ქმედებებს სჩადიოდნენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო, რომ დრონის საშუალებით ჩამოაგდეს საღებავები და გარკვეული სახის ბოთლი.

პოლიციის მხრიდან ხდება განმარტება, რომ მოექცნენ კანონის ჩარჩოებში, მათ შორის მედიასთან მიმართებაში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მათ, რომ თავიანთი პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში კანონის სრული დაცვით. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იციან მათმა ლიდერებმა აღნიშნული, მაგრამ სამწუხაროდ ისეთ ქმედებებზე მიდიან, რაც იწვევს, როგორც საზოგადოების გაღიზიანებას, ასევე სამართალდამცველების. მათ ჩამოვართვით ის კონსტრუქციები და სხვადასხვა სახის ნივთები, რომლებიც უკანონოდ ჰქონდათ განთავსებული სავალ ნაწილზე, თუმცა კვლავ აგრძელებენ სავალი ნაწილის შეზღუდვას. ადგილზე ვრჩებით პოლიციის დანაყოფები, ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს და კვლავ მოვუწოდებთ მათ, მოექცნენ კანონის ჩარჩოები“, – განაცხადა სირაძემ.

ამ დროისთვის, საპროტესტო აქცია მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში