დავა მშენებლობაზე

13 ნოემბერი 2024, 14:15 1140 ნახვა

რამდენად არის დაცული უსაფრთხოება  - ეს მთავარი საკითხია, რომლის გარკვევასაც ბათუმში, იმედაშვილის შესახვევის 6 ნომერში მცხოვრები ოჯახი რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობს.  მაკარაძეების განცხადებით, მომიჯნავედ მიმდინარე მშენებლობის გამო მათი სახლი გადაიხარა, დაზიანდა საძირკველი, ბზარები გაჩნდა როგორც ეზოში,  ასევე  ქუჩაში.

განმარტავენ, რომ  ვერც მერიისგან და ვერც სხვა უწყებისგან  ვერ მიიღეს  პასუხი,  ვინ არის ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი.  ისინი ექსპერტიზის დასკვნამდე სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ. განმარტავენ, რომ კომპანიის დაპირების მიუხედავად  ჯერ ექსპერტიზა არ დაწყებულა.  იმედაშვილის ქუჩაზე   მრავალბინიან  კორპუსს  კომპანია ‘’ბაკური’’ აშენებს. დღეს ტერიტორიაზე გამოძახებულმა პოლიციამ სამუშაოები დროებით შეაჩერა.

ადგილზე იმყოფებოდა მერიის  მუნიციპალური ინსპექციაც.  სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ ობიექტი უსაფრთხოების  ნორმების დაცვით  სამშენებლო ნებართვის შესაბამისად შენდება, რაც შეეხება მომიჯნავე სახლს,  ტექნიკური მდგომარეობის და დაზიანების მიზეზის შესახებ ექსპერტიზის სამსახურს ოქტომბერში მიმართეს და სამხარაულის ბიურო ექსპერტებს თბილისიდან ელოდება.

აცხადებენ, რომ  დასკვნის მიღების შემდეგ შესაბამის  ზომებს გაატარებენ. სამშენებლო დავასთან დაკავშირებით ველოდებით მუნიციპალური ინსპექციის განმარტებებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში