26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2024, 14:56 269 ნახვა
 

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას მათ შორის, ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ სიძულვილის დათესვის მცდელობაში უცხოური ფული არის ჩართული.

„ლიბერალური ფაშიზმი არ არის ახალი მოვლენა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და მათთვის არ არსებობს არავითარი ფასეულობა. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არც ქართული სპორტი, არც ქართველი სპორტსმენი არ არის მათთვის სინამდვილეში ფასეული. მათი გულშემატკივრობაც არის აბსოლუტურად ყალბი. სხვანაირად შეუძლებელია, აიხსნას ის ლიბერალურ-ფაშისტური გამოხტომები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ღირსეულ ადამიანებზე. თავად ამ ადამიანების უღირსობაზე მეტყველებს ის ბულინგის მცდელობა, რომელსაც ისინი ახორციელებენ. 26 ოქტომბრის არჩევნები ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას მათ შორის, ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილს, რომლის დათესვასაც ეს ადამიანები ცდილობენ. სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესებში, რასაც ჰქვია სიძულვილის დათესვის მცდელობა, უცხოური ფული არის ჩართული. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ყველამ დაინახოს, თუ ვინ აფინანსებს სიძულვილის დათესვას საქართველოში “, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, არიან ორგანიზაციები, რომლებიც მიეკუთვნებიან რადიკალურ ოპოზიციას და რეგისტრირდებიან დამკვირვებლებად, თუმცა მათ არ შეუძლიათ, ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს. მისივე განმარტებით, ქვეყანაში არის უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო, როგორიც წინა წლების განმავლობაში არ ყოფილა.

„ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები ეწოდება მაგალითად „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ან ISFED-ს და ა.შ. მათაც გამოხატული აქვთ საკუთარი საარჩევნო მიზანი. ეს საარჩევნო მიზანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შემთხვევაში მათ შორის დაადასტურა ანტიკორუფციულმა სამსახურმა და სასამართლომ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი ვერავითარი მიუკერძოებელი დამკვირვებლები ვერ იქნებიან, თუმცა ამ ყველაფერს არ შეუძლია რაიმე არსებითი გავლენის მოხდენა საარჩევნო პროცესებზე. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო. ასეთ მშვიდი გარემო ჩვენ არ გვქონია წინა წლების განმავლობაში. არის აბსოლუტურად სამართლიანი, კონკურენტული ეს არჩევნები. თითიდან გამოწოვაც კი უჭირთ იმ პრობლემების დასახელების, რომლებზეც ხანდახან საუბრობს ოპოზიცია და ცალკეული „ენჯეო“. შესაბამისად, ასეთ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ შეუძლიათ, არავითარი ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს საქართველოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ როგორი პროვოკაციებიც არ უნდა დაგეგმოს, სახელმწიფო და უსაფრთხოების უწყებები დგანან თავიანთ ადგილზე.

"ისინი ცდილობენ, რაღაც კამპანიებით ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი გუნდი, რომ ვერავითარ საბაბს ვერ პოულობენ ამისთვის. ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 60% რეიტინგი, ერთადერთი რაც ჩვენს ინტერესებში შედის, არის ის, რომ მშვიდად ჩავატაროთ ეს არჩევნები ბოლომდე, 26 ოქტომბრის ჩათვლით და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყველაფერი. როგორი პროვოკაციებიც არ უნდა დაგეგმოს რადიკალურმა ოპოზიციამ, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, ჩვენი უსაფრთხოების უწყებები დგანან თავიანთ ადგილებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ზომა იქნება მიღებული ნებისმიერი პროვოკაციის პრევენციისთვის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ელჩის შეფასებები არაობიექტურია.

„ევროკავშირის ელჩის შეფასება არ არის ობიექტური და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი ჩემთვის. როდესაც ასეთი არაობიექტური განცხადება უკავშირდება არჩევნებს, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა. როდესაც უცხოელი დიპლომატი აკეთებს არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში