არჩევნებში გამოჩნდება, რეალურად როგორია ხალხის განწყობა, ხალხს სურს სტაბილურობა, მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მხოლოდ „ქართული ოცნება“ სთავაზობს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილს არჩევნებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებულ კვლევის შედეგებზე დაუსვეს კითხვა.
„ასეთი ტიპის რეიტინგები ბევრჯერ გვინახავს, რომელიც, სამწუხაროდ, საკმაოდ სუბიექტურია, არ არის ხოლმე გამყარებული ობიექტური კვლევებით და მეთოდოლოგიით, რომელიც საჭიროა, რათა ინფორმაცია იყოს სარწმუნო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ რეიტინგებში მონაწილეობენ საერთაშორისო ბრენდები და ავტორიტეტული სახელები, როგორიც ბოლო რეიტინგის დროს იყო, სამწუხაროდ, ასეთ რეიტინგებს საიმედოობა ნამდვილად არ აქვს.
კონკრეტულად გახარიას ნაწილზე იქნება, თუ ნებისმიერი სხვა პარტიის რეიტინგები, ვფიქრობ, დამაჯერებელი არ არის. არჩევნებში გამოჩნდება, რეალურად რა არის ხალხის განწყობა. დარწმუნებული ვარ, ხალხის განწყობა არის ის, რომ სურს სტაბილურობა, მშვიდობის შენარჩუნება. ასევე განვითარების მხარდაჭერა, რასაც მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“ სთავაზობს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ბათუმში, საარჩევნო შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გახმოვანებული გზავნილები ძალიან მკაფიო იყო.
ბიძინა ივანიშვილი განვლილი 12 წლის შეფასებისას საუბრობდა ობიექტური მაჩვენებლებით, რაც კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით იყო გამყარებული.
„საზოგადოებამ გუშინ ნათლად იხილა ბიძინა ივანიშვილის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. განვლილ 12 წელს როდესაც აფასებდა, საუბრობდა ობიექტური მაჩვენებლებით, რაც კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით იყო გამყარებული. განვლილი 12 წლის მიღწევებს ამყარებს არა სუბიექტური, ინდივიდუალური შეფასებები, არამედ ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, თუმცა ამ მიღწევებს შენარჩუნება სჭირდება. სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი, რომ მიღწეულის შესანარჩუნებლად დღეს გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გეგმები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ეს გეგმები გულისხმობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაღალშემოსავლიან ქვეყნად ქცევას. ამ ყველაფერს მივაღწევთ. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ძალიან მკაფიო იყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.