საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ავიაციისა და ტურიზმის სექტორზე - ირაკლი ქარქაშაძე

03 ოქტომბერი 2024, 17:45 275 ნახვა
 

საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ავიაციისა და ტურიზმის სექტორზე, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ალმათიში გამართულ საავიაციო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქარქაშაძემ ასევე ისაუბრა საავიაციო უშიშროების მიმართულებით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აუდიტის შედეგებზეც.

„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტმა აღიარა, რომ საქართველომ წარმატებით ჩააბარა საავიაციო უშიშროების აუდიტი და 89.75%-ით გააუმჯობესა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის მაჩვენებლები, რაც საქართველოს აეროპორტებში ამ მიმართულებით გატარებული ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენ მაღალი სტანდარტებით უზრუნველვყოფთ მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, მომსახურე პერსონალის დაცვას ტერორისტული თუ სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან. სამოქალაქო ავიაციის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების მიერ, ყველა აუცილებელი ზომა ტარდება, რომ ჩვენი აეროპორტები, ისევე როგორც საჰაერო ხომალდები დაცული იყოს შესაძლო თავდასხმისგან. ამ კუთხით, საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ავიაციისა და ტურიზმის სექტორზე, ჩვენი ქვეყანა საავიაციო ბაზარზე კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

სამდღიან ღონისძიებას, სახელწოდებით „საავიაციო უსაფრთხოება თანამედროვე ეპოქაში“ ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის საავიაციო და სააეროპორტო ხელისუფლებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, კონფერენცია უმსხვილესი ჩინური კომპანია NUCTECH-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც მსოფლიოში აეროპორტების საავიაციო უსაფრთხოების აღჭურვილობის და ინსპექტირების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. როგორც აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაშია აღნიშნული, უსაფრთხოების მიმართულებით NUCTECH-ს აღჭურვილი აქვს მსოფლიოს 450 აეროპორტი, მათ შორის საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი