ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ერთი ავტომობილი შეჯახების შედეგად ამობრუნდა.
ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 ბავშვია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკაში და ქობულეთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, ერთი პირი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოჰყავთ.
კლინიკაში განმარტავენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად კლინიკაში შეყვანილ პირებს დამატებითი კვლევები უტარდებათ.
ავარიის გამო, ქობულეთის შემოვლითი გზის აღნიშნული მონაკვეთი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაკეტილი. შესაბამისად, ავტომობილები ქობულეთის ძველი გზით გადაადგილდებოდნენ.
შემთხვევის ადგილას პოლიციის ჯგუფები, სასწრაფო-სამაშველო ჯგუფები იყო მობილიზებული.
ფაქტზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.