ვინმეს თუ რამე აქვს გადასახედი, ესაა უკრაინის ხელისუფლება, უნდა გადახედონ ელჩის გაწვევის გადაწყვეტილებას - პრემიერი

19 აგვისტო 2024, 17:23 386 ნახვა

ვინმეს თუ რამე აქვს გადასახედი, ეს არის უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია 2022 წლის პირველ მარტს – ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს.

„ელჩის გაწვევის მიზეზად დასახელებული იქნა ორი საბაბი, ერთი იყო რუსეთისთვის სანქციების არდაწესება. იცით, დღეს უკვე ოპოზიცია აცხადებს ღიად, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ იქნებოდა სწორი. ისინი ახლა, ორი წლის თავზე ჩვენს გზავნილებს იმეორებენ. მეორე საბაბი იყო ის, რომ ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები. ჩვენ მათი მოთხოვნის მიხედვით უნდა გაგვეგზავნა მებრძოლი მოხალისეები მთავრობის ოფიციალური ნებართვით, ჩვენი თვითმფრინავებით, ეს არ გავაკეთეთ. ამ ორი საბაბით და არა მიზეზით, უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი საქართველოდან, შესაბამისად, აშკარაა, რა იყო მოტივი ამ ყველაფრის უკან, რაზეც ღიად საუბრობდნენ მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

 

თქვენ გახსოვთ, პოდოლიაკი, დანილოვი ღიად მოგვიწოდებდნენ ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ და აქ ძალიან ლოგიკურად იკითხება ის გადაწყვეტილება, რომელიც პირველ მარტს იქნა მიღებული ორი წლის წინ. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც  ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რადგან ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს ჩვენგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების მეგობრობა მისთვის გასაკვირი არ არის.

„სალომე ზურაბიშვილიც, სამწუხაროდ, არის იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ჩემი და შალვა პაპუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ეს იყო ომის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით: „ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო“. საითკენაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული(უკრაინელი) მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი. სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში