ორი კვირაა, ქვეყანაში ლაბორატორიულად გრიპის შემთხვევები აღარ ფიქსირდება - ივანე ჩხაიძე

08 ივლისი 2024, 16:52 377 ნახვა

ორი კვირაა, ქვეყანაში ლაბორატორიულად გრიპის შემთხვევები აღარ ფიქსირდება, ახლა დომინანტურია მეტაპნევმოვირუსი, რომელიც ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ასევე ცირკულირებს ადენოვირუსი. ამასთან განმარტა, რომ ორივე ვირუსს ახასიათებს გაციების მსგავსი სიმპტომატიკა: ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.

"2024 წელი, გრიპის ვირუსის გახანგრძლივების თვალსაზრისით, განსხვავებული აღმოჩნდა. საქართველოში მისი სეზონურობა, როგორც წესი, ნოემბრიდან მარტის ბოლომდე, აპრილამდე გრძელდება, 2024 წელს კი ორი თვით მეტი აღმოჩნდა. გრიპის ვირუსი ივნისის ბოლომდე ფიქსირდებოდა, რაც მართლაც უნიკალური მოვლენაა. იმ სტატისტიკით, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, ბოლო წლების განმავლობაში, ვგულისხმობ პანდემიამდე პერიოდს, ქვეყანაში ასეთი გახანგრძლივებული გრიპის სეზონი არ ყოფილა.

ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში გრიპი უკვე აღარ ფიქსირდება. შეიძლება ითქვას, რომ გრიპის შემთხვევების სეზონური მატება დასრულებულია. შესაძლებელია, ერთეული შემთხვევა იდენტიფიცირებული იყოს, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის გრიპი აღარ ფიქსირდება. ის ვირუსი, რომელმაც გრიპის ვირუსი ჩაანაცვლა, სწორედ ამ სეზონისთვის, ზაფხულისთვის არის დამახასიათებელი. გაზაფხულზე, როდესაც გრიპი მთავრდება, მას მეტაპნევმოვირუსი ანაცვლებს. ახლა სწორედ ეს არის ქვეყანაში დომინანტური ვირუსი. მეტაპნევმოვირუსისთვის დამახასიათებელია ზემო სასუნთქი გზების დაზიანების, გაციების მსგავსი სიმპტომატიკა, თუმცა მან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთება.

მიმდინარე წლის 25-ე კვირაში ეს ვირუსი ჭარბადაა, ასევე ბევრია ადენოვირუსი. ამ ორ ვირუსს ერთი რამ ახასიათებს – შეუძლიათ მსუბუქად მიმდინარე დაავადების გამოწვევა: მსუბუქი ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, 37-37,5 , მაქსიმუმ 38-ის ფარგლებში. არ ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები საავადმყოფოში არ ხვდებიან. ძირითადად, არის მსუბუქად მიმდინარე რესპირაციული ვირუსული ინფექცია, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ანთება, განსაკუთრებით, მცირე ასაკის ბავშვებში. ანუ, ახლა ვირუსული პეიზაჟი სწორედ ამ ვირუსისა და რინოვირუსის სიჭარბითაა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

რაც შეეხება კორონავირუსს, როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მცირე რაოდენობით, მაგრამ ქვეყანაში კორონავირუსი კვლავ ცირკულირებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი