რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი სტაბილური პორტი ჩინელების ხელში, ისევე როგორც რუსთავში ეკონომიკური ზონა გადასცეს მთლიანად ყაზახებს, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ საქართველო ისევ ქართველებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
„დღეს საქართველოში ადამიანი, როგორც ცენტრი, არის დაკარგული. აი, ანაკლიაში ლაზიკის პორტი ჩვენ გვქონდა გათვლილი იმისთვის, რომ მთელი სამეგრელო დაგვესაქმებინა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ამათ გადაწყვიტეს, ჩინელები შემოიყვანონ და ჩინელებმა ჩაანაცვლონ ქართველები. რა ჯანდაბაში გვინდა ჩვენი სტაბილური პორტი ჩინელების ხელში. გარდა საფრთხისა, უბედურებისა, სიღარიბისა, რა მოაქვს ამა, ისევე როგორც ეკონომიკური ზონა რუსთავში, რომელიც შევქმენით იმისთვის, რომ 60 000 ადამიანი დავასაქმეთ, ახლა ყაზახებს გადასცეს მთლიანად. ე. ი. ქართველი ადამიანი არ არის დაცული თავის ქვეყანაში, არავინ აღარ არის თავისი ბედის და ქვეყნის ბატონ-პატრონი. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ საქართველო ისევ საქართველოს მოქალაქეებს, ისევ ქართველებს“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, ბანკებმა დააკაბალეს მთელი საქართველო.
„ბანკების მოგებები შესამცირებელია, სულ მცირე, ათჯერ და ეს გააიაფებს კრედიტებს, აგვაცილებს თავიდან ამ ტრაგიკულ საბანკო დავალიანების გადაუხდელობას, რომელიც ადამიანებს ქუჩაში ტოვებს ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოში ოქტომბერში წყდება ქვეყნის ბედი შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში და არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია.
ფოტო: არქივი