ავღანეთში ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, როცა ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა- პაპუაშვილი

10 ივნისი 2024, 14:38 382 ნახვა

ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მაშინ, როდესაც ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა ავღანეთში, ჩვენ ვიყავით პირველ ხაზზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ გამოიწვია ის, რომ ისტორიაში პირველად, ნატო-ს კონტიგენტი არ მონაწილეობდა 26 მაისის ღონისძიებაში.

პაპუაშვილის თქმით, ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობა იყო ჩვენი დახმარება საერთო საქმის მიმართ.

„ვინმესთვის პოლიტიკოსის განცხადება თუ არის საფუძველი, რომ თავის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ავღანეთში ტყვიაზე მიდიოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, არ აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენს დამოკიდებულებას ვაჩვენებთ სხვანაირად, მათ შორის იმით, რომ ტყვიაზე მივდიოდით ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მაშინ, როდესაც ნატო-ს ქვეყნების უმრავლესობა შტაბიდან ცხვირს არ ყოფდა ავღანეთში, ჩვენ ვიყავით პირველ ხაზზე. ასე რომ, ეს არის ჩვენი მიდგომა.

ჩვენ სამყაროს ვუყურებთ ჩვენი გადმოსახედიდან. ჩვენი გადმოსახედი არის მეგობრობის და პარტნიორობის. ამ მხრივ გვაქვს ჩვენ მყარი პარტნიორობა. ჩვენ გვაქვს ურთიერთდახმარების ფორმატი. ჩვენ არ ვართ მხოლოდ დახმარების მიმღები. ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობა იყო ჩვენი დახმარება საერთო საქმის მიმართ. ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობის გზა, ეს არის ჩვენი კონტრიბუციაც, რომელიც არის საკმაოდ დიდი, თუნდაც ავღანეთის მისიაში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ჩვენ ნატო-ს წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი ვიყავით მესამე თუ მეოთხე ჩვენი კონტიგენტით ავღანეთში 2015 წლიდან მოყოლებული და მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყნის კონტიგენტი იყო რამდენიმე ერთეული ადამიანი, ან რამდენიმე ათეული ადამიანი ავღანეთში, რომლებიც ძირითადად შტაბში იყვნენ დასაქმებული, ჩვენ ვიდექით პირველ ხაზზე. ეს იყო ჩვენი დახმარება საერთო საქმეზე. ამიტომ, სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობა, ეს არის ორმხრივი ინტერესის და ორმხრივი დახმარების ფორმატი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი