ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ზრუნვაში მყოფ ბავშვებს სამინისტროს წარმომადგენლებმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო-სატრენინგო ცენტრში უმასპინძლეს.
"ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრე კუტიბაშვილმა და ინსტრუქტორებმა მოზარდებს ადგილზე გააცნეს თუ როგორ ტარდება პირველადი სამედიცინო დახმარება. პრაქტიკული ნაწილის შემდეგ კი, ცენტრის წარმომადგენლებმა მოზარდებს სასწრაფო დახმარების ავტომობილები და სამედიცინო მოტოტრანსპორტი დაათვალიერებინეს.
სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვები, ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სარჯველაძემ მათ ცენტრალური სადისპეტჩეროს მუშაობის პრინციპი და სპეციფიკა გააცნო.
დასასრულს, მინისტრმა მოზარდებს საჩუქრები გადასცა", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.