საპატრიარქოს განცხადება

13 მაისი 2024, 14:54 298 ნახვა

საქართველოს საპატრიარქომ ილია მეორის მრევლისადმი მიმართვასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, პატრიარქის მრევლისადმი მიმართვა იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის.

მანამდე საპატრიარქომ პატრიარქ ილია მეორის მრევლისადმი მიმართვა გაავრცელა: „ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა,- ყოვლადწმინდა სამება. მინდა შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: - ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ. შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს” - წერია მიმართვაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში