კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლების, სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად - ბიძინა ივანიშვილი

29 აპრილი 2024, 21:44 488 ნახვა

ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. ამიტომ, პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდო-ელიტას რამდენიმე მთავარი თვისება გამოარჩევს, „ის არის უსამშობლო, არ უყვარს არც საკუთარი ქვეყანა და არც საკუთარი ხალხი, რადგან მას, სინამდვილეში, საკუთრად არ მიიჩნევს“.

„მინდა, გავიხსენო ინდოელი ლიდერის, ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვები მცირე ადაპტირებით: „არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდო-ელიტა“. უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდო-ელიტას რამდენიმე მთავარი თვისება გამოარჩევს. ის არის უსამშობლო, არ უყვარს არც საკუთარი ქვეყანა და არც საკუთარი ხალხი, რადგან მას, სინამდვილეში, საკუთრად არ მიიჩნევს. პირიქით, ასეთ ადამიანებს საკუთარი ქვეყანაც და ხალხიც ეთაკილებათ. ასეთი ადამიანი არის აკაკისეული ღამურა, რომელიც, საბოლოოდ, ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს. ასეთი ადამიანები იოლად ექვემდებარებიან გარედან მართვას, რადგან ისინი ყოველგვარი პრინციპებისგან არიან დაცლილი. სწორედ ასეთია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის სახე და ასეთი იყო ამ ადამიანების სახე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც. როდესაც 2012 წელს გარედან დანიშნული უსამშობლო პოლიტიკოსების სისხლიანი რეჟიმი გავისტუმრეთ, ვფიქრობდი, რომ ჩემი მისია სრულად მქონდა შესრულებული. ქართველ ხალხს დავუბრუნეთ საარჩევნო უფლება, ციხიდან გავათავისუფლეთ 15 ათასი პატიმარი, სრულად აღვკვეთეთ პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა, დავასრულეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მედიამონოპოლია, გავათავისუფლეთ ბიზნესი, ქვეყანას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა და გაძლიერებული უსაფრთხოება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ვფიქრობდი, რომ 2012 წელს ჩემი მისია სრულად შევასრულე, თუმცა, როგორც გაირკვა, ეს მიღწევები არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. ამიტომ, პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი