სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა

09 აპრილი 2024, 14:18 448 ნახვა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – „საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.

კერძოდ, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევას, ასევე დაადგინა კონვენციის დამატებითი პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), დამატებითი მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც 2009 წელს დაიწყო და ცნობილია „ბორდერიზაციის“ სახელით, რომელიც უკრძალავს ადამიანებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტული რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის თავისუფლად გადაკვეთას.

„ის ადამიანებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ქართულ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის თავისუფლად გადაკვეთას უკრძალავს. ვითარებას მოიხსენიებენ, როგორც „2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობას“,“- აღნიშნულია პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, აღნიშნულ ვითარებას მოიხსენიებენ, როგორც „საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობად“. 

როგორც სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია ნათქვამი, ადამიანებს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი სოფლის მეურნეობისთვის იყენებდნენ, ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს და ბავშვებს აიძულებდნენ, აერჩიათ რუსულ ენაზე სწავლა ან გრძელი და სახიფათო მოგზაურობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლებში გაკვეთილებზე დასასწრებად.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები – კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის მიერ გაშუქებული ცნობები და საერთაშორისო მასალები, რათა ყოველგვარი გონივრული ეჭვის გარეშე დაესკვნა, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო ცალკეული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი, ურთიერთდაკავშირებული იმისთვის, რომ წარმოადგენდეს დარღვევების ნიმუშს ან სისტემას. მეტიც, ინციდენტებზე ეფექტიანი გამოძიების აშკარა არარსებობა და ყველა დაინტერესებული პირის მიმართ ზომების ზოგადი გამოყენება ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად იყო ტოლერანტული მსგავსი პრაქტიკის მიმართ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი