საქართველოსა და ესპანეთს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

05 აპრილი 2024, 17:30 419 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ესპანელ კოლეგასთან ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესსთან ერთად „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერა ხელი - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

"ესპანეთის სამეფოში შინაგან საქმეთა მინისტრს ესპანელმა კოლეგამ, ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესმა უმასპინძლა. შეხვედრაზე, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა ფერნანდო გრანდე-მარლასკა გომესს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ მუშაობას, რათა არსებული პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გაფართოვდეს სხვადასხვა მიმართულებით.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

შეთანხმებით განსაზღვრულია მართვის მოწმობის კლასები, რომლებიც შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ დაექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ AM, A1, A2, A, B, B+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი, ხოლო C1, C1+E, C, C+E, D1, D1+E, D და D+E კლასის მართვის მოწმობების გადაცვლისათვის, განმცხადებლებს მოუწევთ ჩააბარონ მართვის მოწმობის გამოცდა ზოგადი მოძრაობისთვის განკუთვნილ ღია გზებზე, იმ სატრანსპორტო საშუალების ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, რომელთა მართვაც აღნიშნული მოწმობებით იქნება ნებადართული.

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ, უახლოეს პერიოდში, შევა ძალაში“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი