სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი კლონების გარდა დაუპირისპირდა ყველას და ყველაფერს - პაპუაშვილი

07 მარტი 2024, 15:21 498 ნახვა

ერთადერთი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი ინარჩუნებს თავის თანამდებობას, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის არსებულ პოლიტიკურ ალიანსზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთადერთი ვისთანაც სალომე ზურაბიშვილს აქვს ურთიერთობა, არის რადიკალური ოპოზიცია.

"სალომე ზურაბიშვილი დაუპირისპირდა ყველას და ყველაფერს, ვისაც კი შეიძლება, დაპირისპირებოდა, დაწყებული საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, სხვა ინსტიტუტები, საპატრიარქო, გახსოვთ ბოლოს მისი განცხადებები, ყველას, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კლონებისა. რატომ? იმიტომ, რომ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ის ინარჩუნებს თავის თანამდებობას, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური დღის წესრიგი, რომ სალომე ზურაბიშვილი შეენარჩუნებინათ იმ თანამდებობაზე, რათა ზუსტად ასეთი რაღაცები ეკეთებინა და შეერყია ქართული სახელმწიფოებრიობა, რა თქმა უნდა, პარლამენტს უნდა გამოეცხადებინა იმპიჩმენტი. უბრალოდ, ჩვენი უბედურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველანაირ რყევას ხელს უწყობს. ამიტომ ერთადერთი, ვისთანაც მას აქვს ურთიერთობა, გახლავთ რადიკალური ოპოზიცია. ეს არის არამხოლოდ ურთიერთობა, ეს არის სწორედ პოლიტიკური ალიანსი. კიდევ ერთხელ დაადასტურა – ერთ აბზაცში უარყოფს, თითქოს პოლიტიკაში არ არის ან არ უნდა, მეორე აბზაცში იქვე ამბობს, რომ არათუ უნდა, არათუ ისწრაფვის, ის, საერთო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგაც კი ყოფილა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთვის ემზადება.

"რაც შეეხება გადანაწილებას თუ ასე შემდეგ, ჩვენ ვემზადებით, რომ ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ვემზადებით ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. დღეს ქართველი ხალხის ინტერესშია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში ორი მიზეზის გამო: ერთი – აქედანვე ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნების შედეგებს და არ აღიარებენ. ისევე, როგორც არ აღიარეს 2012-ის, 2016-ის, 2020 წლის არჩევნები და მხოლოდ ზეწოლის შემდეგ აღიარეს ეს არჩევნები. აქაც დარწმუნებული ვართ და უკვე ვხედავთ ამის ყველანაირ ნიშანს, რომ არ აღიარებენ.

ამიტომ მნიშვნელოვანია, იყოს ზემყარი უმრავლესობა პარლამენტში, რომ რამე კითხვის ნიშნის საბაბიც კი არ ჰქონდეს ვინმეს პარლამენტთან დაკავშირებით. და მეორე – საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატის მიცემა „ქართული ოცნებისთვის“ ქართველი ხალხის ინტერესშია, რადგან ეს იქნება მყარი გზავნილი ყველას მიმართ, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ქართველი ხალხი კედლად დგას საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და არავის მისცემს შესაძლებლობას, ეს ქვეყანა შეიყვანოს ომში, ეკონომიკურ კატასტროფაში და დახიოს უკან დეკადებით, რაც გვექნებოდა ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი