ბათუმში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს. დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს 80 წელი შეუსრულდებოდა. მოგვიანებით კი მთვარობის წევრებმა ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივანში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტი დასკვნით ფაზაშია. უკვე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, კომერციული და მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათების დეკორატიული ლამპიონები, შადრევნები და ველო სადგომები.
ხეივანში განთავსდა დეკორატიული საყვავილეები, ინსტალაციები, თანამედროვე ტიპის ელექტრო მოწყობილობები დამტენებით აღჭურვილი, მოსასვენებელი გადახურული სივრცეები.
დასრულდა ხეივნის მონაკვეთების დამაკავშირებელი 3 ლითონკონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის მშენებლობა, სადაც მოეწყობა პანდუსის ტიპის სავალი ნაწილები, დეკორატიული ელემენტებითა და მრავალფუნქციური განათებებით. ხიდებზე განთავსდება ლიფტები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23.8 მილიონი ლარით დაფინანსდა.