პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანების მიერ ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებასაც გადავლახავთ და გავაგრძელებთ ევროპის გზაზე ღირსებით სიარულს - მდინარაძე

13 თებერვალი 2024, 15:11 492 ნახვა

ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანების მიერ ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებასაც გადავლახავთ და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ევროპის გზაზე ღირსებით სიარულს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „ლელოს“ მხრიდან ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულების პროცესის ბოიკოტს ეხებოდა.

„მათი მხრიდან პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს. ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის და სხვა ლიდერების ხელმძღვანელობით იმას ტირაჟირებდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ კანდიდატის სტატუსს ქვეყანა არ იმსახურებდა, ამ ადამიანებისგან ბუნებრივია პოზიტიური მოლოდინი ვერ გვექნება. თუმცა, ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანების მიერ ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებასაც გადავლახავთ და ჩვენ ევროპის გზაზე სიარულს ღირსებით აუცილებლად გავაგრძელებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ლელო“ ცდილობს საზოგადოებას გაუჩინოს განცდა, რომ 6 პროცენტი აქვთ.

„რაც შეეხება „ლელოს“ და თავისივე მოგონილ რაღაც პროცენტს, თან ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ლაპარაკობენ და ცდილობენ, რომ საზოგადოებას გაუჩინონ განცდა, რომ 6 პროცენტი აქვთ. ამით ისინი თავის თავს ჰყიდიან, რომ ხელისუფლებაში მოსვლას ან დაბრუნებას ცდილობენ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად. ისინი „ნაცმოძრაობის“ სტილში, საერთო წარსულიდან, აწმყოდან და საერთო მომავლიდან გამომდინარე, ქვეცნობიერიდან გამომდინარეც ასევე ჰყიდიან თავის თავს, როდესაც აანონსებენ რეპრესიებს - ბიძინა ივანიშვილი წავა მოსკოვში, ესენი ყველანი მოსკოვში წავლენ, ამ დაზეპირებული მესიჯბოქსის შემდეგ წამოცდენები აქვს მათ ლიდერ ხაზარაძეს, რომ ის არ არის პროკურორი.

 

პროკურორი რა შუაშია? ვინმემ გაიგეთ, რა შუაშია პროკურორი ვინმეს მოსკოვში წასვლასთან?! ადრე იყო ციმბირში გადასახლება, ახლა მამუკა ხაზარაძემ გააუმჯობესა პირობები და მოსკოვში გადასახლებას გვპირდება და პროკურორს ასახელებს ამის წყაროდ. ის ვერასდროს გასცემს პასუხს კითხვაზე, რა შუაშია ამ შემთხვევაში, მის ამ გამოგონილ მესიჯბოქსშიც კი პროკურორის როლი? ჰკითხეთ, არ გაინტერესებთ?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, პრეზიდენტთან შეხვედრებში გახარია ერთადერთი მოტივის გამო არ მონაწილეობს, რომ გამოჩნდეს უფრო რადიკალი „ნაცების“ წინააღმდეგ, გამოჩნდეს ისე, თითქოს ჩვენზე უფრო ვერ იტანს „ნაცებს“, მათ წარსულს, მათ დღის წესრიგს, მათ მომავალს და ა.შ.

მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მიხვდა, რომ საარჩევნო დღეს იმდენად გამჭვირვალედ ჩატარდება არჩევნები, რომ სპეკულაციებისთვის სივრცე არ დარჩებათ და ვერაფერს მოახერხებენ. ახლა გადავიდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დისკრედიტაციაზე, ეს იქნება მათი მავნებლური პიარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი