საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი - ნენსი ფეზერი

19 დეკემბერი 2023, 11:38 411 ნახვა

საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

როგორც ნენსი ფეზერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოსა და გერმანიას  ძალიან მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა აქვთ.

„პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარემოებას. ეს იყო ევროპული საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გერმანიამ აქტიურად დაუჭირა მხარი ამას. გილოცავთ, ამას გარდა, ძალიან მახარებს, რომ ხელი მოვაწერეთ მიგრაციის შეთანხმებას, რომელიც უფრო აძლიერებს და ინტენსირუს ხდის ამ სფეროში თანამშრომლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რა არის მნიშვნელოვანი – ჩვენი ქვეყნების ძალიან მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა, მიზანმიმართული დასაქმება და სპეციალისტების განათლება, ე.წ. თავშესაფრის მაძიებელთა და იმ პირების უკან დაბრუნება, რომლებსაც არ აქვთ რეალური ბინადრობა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ბუნდესტაგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე, ჩვენი სასამართლო სისტემის განტვირთვას შეუწყობს ხელს, ასევე თემებისა და მუნიციპალიტეტებისა, რომელთა კომპეტენციაშიც ეს შედის.

 

საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი. ცირკულარულ მიგრაციას გავაძლიერებთ და ვიზრუნებთ იმაზე, რათა დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს გერმანულ ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისათვის. ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალკვალიფიციური მუშა ხელი, ასევე, მნიშვნელოვანია განათლების სფეროში გაცვლა, გაზიარება სასწავლო სფეროში სტუდენტების, მეცნიერების. ამ ყველაფერს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, შეთანხმება საქართველოსა და გერმანიის შს მინისტრებმა გააფორმეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი