ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი წარადგინა, რომელიც შეიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით

12 დეკემბერი 2023, 21:35 378 ნახვა

2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების წინ ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი მიიღო, რომელიც გააძლიერებს გამჭვირვალობასა და მესამე ქვეყნების სახელით ინტერესთა წარმომადგენლობის საქმიანობის დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას, რაც მიმართულია პოლიტიკაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და დემოკრატიულ სივრცეზე გავლენის მოხდენაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისია ავრცელებს.

„ამ წინადადებით, ევროკომისია მიისწრაფვის, წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ გლობალური მასშტაბით სტანდარტების ჩამოყალიბებაში იმასთან დაკავშირებით, როგორ გავუმკლავდეთ უცხოურ გავლენას რაციონალური და პროპორციული გზით, ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემით“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.

ევროკომისიამ დღეს წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს. საკანონმდებლო ინიციატივა ბრიუსელში ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, დემოგრაფიისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისარმა დუბრავკა შუიცამ წარადგინეს.

როგორც ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ევროპულმა კომისიამ მიიღო დემოკრატიის დაცვის პაკეტი 2024 წლის ევროპული არჩევნების წინ. ამ პაკეტის ცენტრალური ნაწილი არის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გააძლიერებს მესამე ქვეყნების სახელით ინტერესების წარმომადგენლობის ქმედებების გამჭვირვალობასა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას. საუბარია მესამე ქვეყნების სახელით ისეთ საქმიანობაზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკაზე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე და დემოკრატიულ სივრცეზე გავლენისკენ. დემოკრატიის დაცვის პაკეტი ასევე მოიცავს ორ რეკომენდაციას თავისუფალ, სამართლიან და მდგრად არჩევნებთან, პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ პაკეტის მიზანია უცხოური გავლენის საფრთხესთან გამკლავება მეტი გამჭვირვალობის საშუალებით და ამავე დროს დემოკრატიებში მოქალაქეების მონაწილეობისა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისება. „ევრობარომეტრის“ მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ევროპელების 81%-ს სჯერა, რომ უცხოური ჩარევა დემოკრატიულ სისტემებში არის სერიოზული პრობლემა და საჭიროებს რეაგირებას.

„დადგა ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო“, -აღნიშნულია ევროკომისიის პრესრელიზში.

ამასთან, პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იოროვამ განაცხადა, რომ წარდგენილი კანონპროექტი არ არის ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი.

„ეს არ არის ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონი. ის არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის სანქციებს, რამე საქმიანობის აკრძალვას ან რაიმე სახის დისკრიმინაციული იარლიყების მიკუთვნების შესაძლებლობას. ასე რომ, ამ ინიციატივით, ჩვენ ვადგენთ დემოკრატიულ სტანდარტს ამ საკითხზე რეაგირებისთვის საკუთარი თავის ჩაკეტვის ან რამე საქმიანობის შეზღუდვის გარეშე“, – აღნიშნა იუროვამ.

მისი თქმით, ევროკავშირი ვერ უგულვებელჰყოფს იმ რისკებს, რომლებიც დემოკრატიას გარედან ემუქრება.

„დემოკრატია ევროპაში არის მდგრადი, თუმცა ის საჭიროებს მუდმივ ზრუნვასა და დაცვას არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუტების, არამედ ყველა ჩვენგანის მხრიდან, განსაკუთრებით მოქალაქეების. ჩვენი მზიანია, მეტი ინსტრუმენტი მივცეთ მათ, ვინც ზრუნავს დემოკრატიაზე, რათა კონტროლი და ბალანსი იყოს უფრო ეფექტიანი. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ იმ რისკებს, რომლებიც დემოკრატიას გარედან ემუქრება“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა იუროვამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი