ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს, რომ სახმელეთო შეტევა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილშიც დაიწყო.
„გუშინ და დღეს „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურების, ასეულის მეთაურებისა და მრავალი წევრის ლიკვიდაცია განვახორციელეთ. დავიწყეთ იგივე მოძრაობა ღაზას სექტორის სამხრეთით. ეს არანაკლებ ძლიერი იქნება, ვიდრე ოპერაციები ღაზას ჩრდილოეთით, შედეგები კი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მტკიცედ და საფუძვლიანად ვიბრძოდით ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და ამას ახლა ვაკეთებთ სამხრეთ ნაწილში“, - განაცხადა ისრაელის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერზი ჰალევიმ.
მათივე ცნობით, ღაზაში საჰაერო იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია ჰამასის მეთაური, რომელიც შატის ბატალიონს ხელმძღვანელობდა. არმიის სპიკერმა ლიკვიდირებული მეთაურის ვინაობა დაასახელა. იგი ჰაიტამ ხუვაჯარია, რომლმაც 7 ოქტომბერს ჰამასის ბოევიკებს ისრაელის სამხრეთ დასახლებებზე თავდასხმისკენ მოუწოდა. მაშინ ისრაელის ისტორიაში ყველაზე სისხლიან ანგარიშსწორებას ათას 200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 200-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. ისრაელის არმია ავრცელებს საჰაერო დარტყმების ამსახველ ვიდეოსაც, რომლის დროსაც ჰამასის მეთაურის ლიკვიდაცია მოხდა.