„ნაცმოძრაობა“ დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად, ბოლშევიკების თავმჯდომარე ხაბეიშვილია, მენშევიკების ლიდერი მელია - კობახიძე

30 ნოემბერი 2023, 14:28 616 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად, ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე ხაბეიშვილია, მენშევიკების ლიდერი მელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესი ტოტალური საარჩევნო მარცხით დასრულდება.

„მეცხრედ წააგებენ არეჩევნებს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც დღეს „ნაცმოძრაობაშია“, ეს არის ძალიან კარგი, პარტია დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერი – მელია. ეს პროცესი გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. ამის დასასრული რა იქნება, არ ვიცი, საბოლოო ჯამში, ალბათ არჩევნების წინ მაინც მოახერხებენ ერთმანეთისგან გაყრას, თუ ვერ მოახერხებენ, ეს კიდევ უკეთესი. მთავარია, ისინი მეცხრედ წააგებენ არჩევნებს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობის“ ნამდვილი სახეა „ნული ინტელექტი და ნული სინდისი“.

"არც ინტელექტია საინტერესო ამ პოლიტიკური პარტიისთვის, არც სინდისი, არც არაფერი, ამიტომ არის მძიმე მდგომარეობაში, რაც ლოგიკურია. როგორიც არის პარტია, ისეთია პოლიტიკური სახეები და როგორიც არიან სახეები, ისეთივეა პარტია. როგორი სინდისისგან და ინტელექტისგან დაცლილიც არის მთლიანობაში „ნაცმოძრაობა“, ისეთი სახეები ჰყავს მას. ამის ყველაზე კარგი განსახიერებაა ლევან ხაბეიშვილი, თავად კეზერაშვილი, ინტელექტისგან და სინდისისგან დაცლილი ადამიანები, ამის გაგრძელებაა ბეჟაშვილი, ცისკარიშვილი, მელია და მთელი „ნაცმოძრაობა“, დაწყებული კეზერაშვილი-სააკაშვილისგან და დამთავრებული გუბაზ სანიკიძით. რეალურად, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ნამდვილი სახე, ნული ინტელექტი და ნული სინდისი“, – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე არის ოლიგარქი, რომელმაც ფული, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს რეკეტით იშოვა.

„ამის მიღმა, რაც ჯერ მას არ უღიარებია, ეს არის ტელეკომპანია „მთავარზე“ გავლენა. შემიძლია გაგიზიაროთ ის ინფორმაცია, რაც გვაქვს. ის უხდის თვეში 200 ათას ლარს „ტვ პირველს“ და 240 ათას ლარს „მთავარს“, რის ხარჯზეც აქვს უზრუნველყოფილი გარკვეული დაფარვა ამ ტელეკომპანიებში. ეს მას შეთანხმებული აქვს კეზერაშვილთან, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თემა. ის ახორციელებს შესაბამისი ტელევიზიების დაფინანსებას, რომ მიიღოს შესაბამისი სატელევიზიო დაფარვა.

 

მამუკა ხაზარაძე არის ჩვეულებრივი კორუმპირებული ოლიგარქი, რომელსაც კორუფციით აქვს ნაშოვნი ფული ჯერ კიდევ 90-იან წლებში, მერე სააკაშვილის რეჟიმიდანაც შოულობდა ფულს, ბიზნესის რეკეტის ფორმაში იყო ჩართული, ის ვერ გაუტოლდებოდა სააკაშვილს, ადეიშვილს, კეზერაშვილს, მაგრამ იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იმ სქემისა, რომელიც იყო დაკავშირებული ბიზნესის რეკეტთან. ამის კონკრეტული დამამტკიცებელი საბუთებიც არსებობს, სადაც პირდაპირ ფიგურირებს ხაზარაძე, როგორც რეკეტი. ის არის ოლიგარქი და ეს იყო მისი თვითაღიარება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმები ჩაიშალა და პოლიტიკურ გაერთიანებებს არჩევნებში წარმატების არანაირი პერსპექტივა არ აქვთ.

„ვხედავთ, რომ რაღაც პროცესები წარიმართება. არის ასეთი გეგმა, რომ იყოს „ნაცმოძრაობის“ ორი სუბიექტი არსებითად გაერთიანებული შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ერთი უნდა იყოს პარტია „ნაცმოძრაობა“ და მეორეზე ფიქრობენ, რომ უნდა იყვნენ „ლელო“, გახარია, სალომე ზურაბიშვილი, ლომჯარია და ასეთი ტიპის სახეები. თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, რამდენად აქვს ასეთ პოლიტიკურ გაერთიანებას რაიმე პერსპექტივა. ჯერ მარტო „ლელო“ და გახარია რომ ავიღოთ, ერთი მეორეს თაღლითს უწოდებდა და მეორე პირველს – თვალთხარიას.

 

მათი გაერთიანება რამდენად შეიძლება, პერსპექტიული იყოს, ამაზე თავადაც შეგიძლიათ, იმსჯელოთ. სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ეს ოპოზიცია მოღალატედ აცხადებდა და აგინებდა, ლანძღავდა ყველანაირი უშვერი სიტყვებით, როგორ შეიძლება, რაიმეს მომტანი იყოს რაიმე პოლიტიკური ერთობისთვის. ანუ ერთმანეთზე დისკრედიტებული, ყველაფრისგან დაცლილი ადამიანები არიან. შესაბამისად, ასეთ გაერთიანებებს არავითარი პერსპექტივა არ აქვთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, თუ ოპოზიციას ექნება სურვილი, ევროკომისიის 9 პრიორიტეტის შესრულებაში ჩაერთოს, კარი ღიაა.

„ჩართულობას რაც შეეხება, ჩვენ ვუთხარით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომ პროცესი ღია იქნება. თუ მათ ექნებათ სურვილი, ჩაერთონ სამუშაო პროცესში, ეს იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობა სამოქმედო გეგმის დოკუმენტს ევროკომისიასთან მოლაპარაკებების შემდგომ გაასაჯაროებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი