სახმელეთო ოპერაციის გაფართოების ფარგლებში, ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა - ისრაელის თავდაცვის ძალები

06 ნოემბერი 2023, 10:03 496 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის სალაჰ ა-დინის მთავარ, ჩრდილოეთ-სამხრეთის  გზაზე ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა -  ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ეს ღაზის ჩრდილოეთით მცხოვრებ პალესტინელებს სამხრეთით გადაადგილების საშუალებას მისცემს. ამასთან, ცახალმა კვლავ მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას, გადავიდნენ რეგიონის სამხრეთში მდებარე უფრო უსაფრთხო რაიონებში.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების 36-ე დივიზიამ სახმელეთო ოპერაციების გაფართოების ფარგლებში ღაზის სანაპირომდე მიაღწია.

36-ე დივიზიამ, რომელიც შედგება ქვეითი ძალებისგან, ტანკებისგან, არტილერიისა და საბრძოლო ინჟინრებისგან, გასულ 24 საათში შეტევა განახორციელა „ჰამასის“ დაახლოებით 50 სამიზნეზე, მათ შორის, საბრძოლო ზონებზე, ოპერატიულ რეზიდენციებზე, სამხედრო პოზიციებსა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე.

სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ღაზის სექტორში შეტაკებებს 29 ებრაელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, 7 ოქტომბრის თავდასხმიდან დღემდე დაღუპული ისრაელელი სამხედროების რიცხვი კი 346-ს აღწევს. ღაზაში გაერო-ს 88 თანამშრომელი დაიღუპა, რაც ერთი კონფლიქტის დროს დაფიქსირებული გაერო-ს ყველაზე დიდი დანაკარგია.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის იერიშებს 9700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 4800-ზე მეტი ბავშვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში