თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, თეორიულად, ეს იქნება მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე - კობახიძე

01 ნოემბერი 2023, 13:56 692 ნახვა

თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, თეორიულად, ეს იქნება მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების “ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„რაც შეეხება ნიკა გვარამიასა და სალომე ზურაბიშვილს, ზოგადად, ჩვენ პრეზიდენტისგან არაფერი გვიკვირს. თანდათანობით ის კვეთს წითელ ხაზებს, არ ვიცი, ბოლომდე გადაკვეთს თუ არა ყველა წითელ ხაზს. თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე. თავის დროზე მას მხარი დაუჭირა იმ ამომრჩეველმა, რომლისთვისაც პრინციპულად არის მიუღებელი სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები.

მას შეუძლია, კიდევ ერთხელ უღალატოს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა, თუმცა ვნახოთ, ეს არის მისი საქმე. იმედი მაქვს, რომ ის მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც შეეხება იმას, თუ  ვის არ უნდა კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში არ უნდა არავის რადიკალურ ოპოზიციაში და ამას არც მალავენ.

„გახსოვთ, ადრე თვითმიზნად გამოგვიცხადეს ევროინტეგრაცია და ახლა თურმე საერთოდ არაფერი ყოფილა კანდიდატის სტატუსი - ეს არის ახალი რიტორიკა. ჩვენ აქაც ერთი სტანდარტი გვქონდა. არასდროს ვატყუებდით ხალხს. მათი რიტორიკა გახსოვთ, რომ ეს მილიარდობით ევროს და დოლარს მოუტანდა კანდიდატის სტატუსი ქვეყანას, ეს იქნებოდა ქვეყნის აყვავების საფუძველი. ეს ყველაფერი იყო ტყუილები. დღეს თავად ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი საერთოდ არაფერი ყოფილა - ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე შეფასებით,  თუ ვინმეს პარლამენტში ზრდილობა ეშლება, ესენი არიან სწორედ ეს კონკრეტული ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები.

"როდესაც ქალი დეპუტატი გამოდის და კაც დეპუტატებს პატარა კაცებს ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? თქვენ გახსოვთ თეონა აქუბარდიასგან ბოდიში რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ. სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა. ამიტომ, ორმაგი სტანდარტები არ ვარგა. ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტი. სადაც არის გადახვევა, არასწორი განცხადება არ გვიჭირს და არც ირაკლი ბერაიას გაუჭირდა საკუთარი სინანულის გამოხატვა. მაგრამ თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ ბოდიშს ოპოზიციონერი დეპუტატებისგან იმის გამო, რომ ისინი არღვევდნენ ზრდილობის ელემენტარულ ნორმებს"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი