ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება

30 ოქტომბერი 2023, 15:16 747 ნახვა

ონკოლოგიური ქირურგია ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება, მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, - აღნიშნული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს.

სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური ქირურგია, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოპაციენტს (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა) დაუფინანსდება. მათ შორის არიან დაზღვეული ვეტერანები და ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

 

მიმდინარე წლის აგვისტოდან ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ქვეყნის მასშტაბით ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდებოდა. დღეს საქართველოს მთავრობის  მიერ დამტკიცებული ცვლილების მიხედვით, მოქალაქეებისთვის თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი როგორც ქიმიო/ჰორმონო/სხივური თერაპიებისა და მედიკამენტების, ისე ონკოლოგიური ქირურგიის დაფინანსება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, თითქოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ, არის სიცრუე და დეზინფორმაცია

უწყების ცნობით, ყველა ოჯახი, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის, დიაგნოსტიკის ხარჯებს სრულად აფინანსებს, ისე, რომ მშობელს სამედიცინო მომსახურებაში თანხის გადახდა არ უწევს.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საფრანგეთში იმყოფებიან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და სახელმწიფომ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება ვერ უზრუნველყო, არ დასტურდება. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს პროგრამას, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის, დიაგნოსტიკის ხარჯებს სრულად აფინანსებს, ისე, რომ მშობელს სამედიცინო მომსახურებაში თანხის გადახდა არ უწევს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის ისრაელის, ესპანეთის და თურქეთის წამყვან კლინიკებში სრულ მკურნალობას. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში 13 ოჯახია ჩართული. სამი ბავშვი უახლოეს დღეებში გაემგზავრება ესპანეთის და თურქეთის კლინიკებში, ოთხ ბავშვთან დაკავშირებით კი კლინიკებთან კონსულტაციები მიმდინარეობს და ისინიც უახლოეს დღეებში დაიწყებენ მკურნალობას საზღვარგარეთ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ხაზგასასმელია, რომ არცერთი ბავშვი საჭირო სერვისის გარეშე არ დარჩენილა. საჭიროების შემთხვევაში ოჯახმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს. სახელმწიფო მზად არის, სრულად დააფინანსოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვის მკურნალობა, დიაგნოსტიკა და ყველა სამედიცინო მომსახურება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში