„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი გაიმართება და მას „ქართული ოცნების“ 5 დეპუტატი დაესწრება. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„5 დეპუტატი ვიქნებით წარმომადგენლები იმ 80-კაციანი ჯგუფის, რომლებმაც იმპიჩმენტის თაობაზე ოფიციალურად შეიტანა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში და პირადად მივიღებთ მონაწილეობას ბათუმში, ამ პროცესში.
რაც შეეხება მოლოდინს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც არაერთხელ მითქვამს. ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომლის ამოხსნას რაიმე განსაკუთრებული კვალიფიკაცია არ ესაჭიროება. არ სჭირდება განსაკუთრებული იურიდიული კვალიფიკაციაც კი ამ კაზუსის ამოხსნას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოლოდინი არის ოპტიმისტური“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე შეფასებით, ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად.
„ზურაბიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რომ მხოლოდ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები. სინამდვილეში სწორედ ამას ჰქვია საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, რასაც ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი და მისი დღის წესრიგი პირდაპირ თანხვედრაშია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგთან. მისი მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევაც არის ამ საბოტაჟის მორიგი გამოხატულება. სწორედ იმიტომ არღვევს ის უხეშად კონსტიტუციას, რომ კიდევ უფრო წარმატებით განახორციელოს ევროპული მომავლის საბოტაჟი. ამას ბუნებრივია ჩვენ რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით. ევროპული მომავალი ნიშნავს სწორედ იმას, რომ სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს პირველ რიგში კონსტიტუციურ ჩარჩოებში და სახელმწიფოს მეთაურად წოდებული თანამდებობის პირი არ უნდა არღვევდეს ქვეყნის უმთავრეს კანონს“, - განმარტა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, იმდენად აქტიურად არის ჩართული სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, არ გამორიცხავს გრიგორიადი შეიწყალოს.
„ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული გვარამია პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გრიგორიადისი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია იმ ინფორმაციასთან, რომელიც დღეს მოვისმინეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. აქ [განცხადებაში] აქცენტი კეთდებოდა ახალგაზრდებზე, პირდაპირ იყო საუბარი იმაზე, რომ ახალგაზრდებს დასაკარგი არაფერი აქვთ, ეს სიტყვები მოვისმინეთ დღეს იმ ტრენინგებიდან, რომელიც ტარდებოდა სერბი „კმარელების“ მხრიდან. რა თქმა უნდა ეს არის სცენარი. ასეთი ახალგაზრდების მონაწილეობით რაღაც ექსტრემისტული პროცესების დაგეგმვა. იმდენად აქტიურად არის ჩართული უკვე სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მან ასეთი ღია ნაბიჯი გადადგას რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისკენ, რასაც ჰქვია გრიგორიადისის შეწყალება. ეს იქნება საბოლოო გაშიშვლება იმ ალიანსის, რომელიც არის შემდგარი სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, - აღნიშნა კობახიძემ.