საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებითაც, ეს გავაკეთეთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე - შალვა პაპუაშვილი

28 სექტემბერი 2023, 19:30 651 ნახვა

რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობამ ამ საუკუნეში ყველაზე მასშტაბური სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ნორმები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის პატივია ამ კონფერენციაში მონაწილეობა და საქართველოს პერსპექტივის გაზიარება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელმაც ევროპა და მთელი მსოფლიო მოიცვა – რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ კონფლიქტმა ძირი გამოუთხარა უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურას, უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინას და მოკლა მშვიდობიანი ევროპის იმედი.

წელიწადზე მეტია, უფრო და უფრო მეტად დაუცველ და ტურბულენტურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ტრადიციული გაგებით უსაფრთხოების გამოწვევების გარდა, რუსეთის ომმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგო და სურსათის ბაზრებს, რამაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანზე იქონია უარყოფითი გავლენა.

რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობამ ამ საუკუნეში ყველაზე მასშტაბური სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ნორმები. ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი დიდი წნეხის ქვეშ მოექცა.

თუმცა, ჩემი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ეს აგრესია სიურპრიზი არ ყოფილა. მართლაც, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ გვესმის უკრაინის ტკივილი. საქართველო პირველი იყო, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია საკუთარ თავზე 2008 წელს გამოსცადა რუსეთის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობის, ეთნიკური წმენდის, საკუთარი სახლებიდან ათეულობით ათასობით ადამიანის გამოყრის, საოკუპაციო ხაზით საზოგადოების გაყოფის სახით. 2008 წელს რუსულ აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება სუსტი, დროებითი და არაეფექტიანი იყო. საბედნიეროდ, საქართველოს მაგალითისგან განსხვავებით, დღეს ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე ძლიერ და გაერთიანებულ ევროპულ რეაგირებას.

ეს ახალი სიტუაცია კიდევ ერთხელ აჩვენებს საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის წახალისებისა და ურთიერთგაცვლების მიმართულებით. შესაბამისად, დღევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა საერთო ინტერესის საკითხების განხილვისა და მომავლის ერთობლივ ნაბიჯებზე საერთო ხედვის ჩამოყალიბებისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის თქმით, საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებითაც.

„ეს გავაკეთეთ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის, ასევე საქართველოს მიწაზე, დედაქალაქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით რუსული სამხედროების ყოფნის ფონზე.

საქართველო იყო თანაავტორი, შეუერთდა ან მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდამჭერ ასეულობით რეზოლუციას, ერთობლივ განცხადებას თუ სხვა ინიციატივას ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების და ინსტიტუტის ფარგლებში.

გარდა ამისა, საქართველო შეუერთდა რეიკიავიკის დეკლარაციას. ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, მხარს დავუჭერთ საქართველოს მთავრობას აღნიშნული დეკლარაციის განხორციელების საქმეში.

ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ახლო მეგობრობის გარდა, ჩვენ გვაკავშირებს მომავლის საერთო ხედვაც – ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. ჩვენი დამოკიდებულება ნათელი და მტკიცეა და გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ ამ გზაზე წინსვლას. ახლა საუკეთესო დროა იმ ქვეყნების წახალისების, რომლებიც იცავენ ევროპულ ღირებულებებს და ისტორიულად ეკუთვნიან ევროპულ ოჯახს“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „აგრესორს უნდა შევახსენოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“.

„მშვიდობა უბრალოდ ფუფუნება კი არა, არამედ ის ფუნდამენტური პრინციპია, რომელსაც ჩვენს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში უნდა ვითვალისწინებდეთ. უნდა დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, საზღვრების დაცვა და ყველა ერის უფლებების დაცვა.

მტკიცედ მწამს, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს და შემდეგ საერთაშორისო ძალისხმევა მიმართული იქნება უკრაინის აღდგენა-რეკონსტრუქციისკენ, რაც გააძლიერებს ქვეყნის მედეგობას და ხელახლა შექმნის საფუძველს თავისუფალი და განვითარებული ქვეყნის, რომელიც მჭიდროდ იქნება ინტეგრირებული ევროპისა და გლობალურ ეკონომიკაში.

ჩვენი პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალმა თაობებმა არ იწვნიონ ჩვენი მარცხის შედეგები. საქართველო გააგრძელებს წვლილის შეტანას ისეთ მსოფლიოს მშენებლობაში, სადაც მშვიდობიანი ევროპის იმედები რეალობად იქცევა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი