ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლე ლეილა გურგუჩიანმა გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები მადონა სოლომონიძის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ქმედებების ჩადენის შესახებ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქმედებები გამოხატული იყო მსუბუქ ფორმებში და ქალბატონი იყო დროებით უმუშევარი, მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ამასთან სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის ნაწილში, რაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოსამართლის განმარტებით, ამ შემთხვევაში მადონა სოლომონიძის ბრალეულობა არ გამოიკვეთა.
მოქალაქის საქმეზე სასამართლო პროცესი 4 საათი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში დაიკითხა 7 მოწმე და გამოიკვლიეს ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებები. მადონა სოლომონიძე, ყოფილი პედაგოგია და იგი პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით მიმდინარე წლის 5 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული სამდღიანი სანქცირებული აქციის მიმდინარეობისას დააკავეს და დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.