ანაკლიის ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ - დავითაშვილი

22 სექტემბერი 2023, 13:21 518 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანიაა, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.

მინისტრის თქმით, ორივე კომპანია მსოფლიოში აღიარებული და წამყვანია. ამასთან განმარტა, რომ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია რუსულ კომპანიას.

"საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც მეორე ეტაპზე გადავიდა და მეორეა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული, წამყვანი კომპანიათა ჯგუფი.

 

რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პურობებთან, შესაბამისად, ისინი ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რასაც წინადადების წარმოდგენის ეტაპი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომელთანაც შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რათა მათი მხრიდან წინადადებები მივიღოთ და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზე, ხარისხზეა დამოკიდებული, ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი.

 

ამ კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ. იმისთვის, რომ რუსული ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, სხვა ქვეყნის ინტერესი, გავლენა არ დომინირებდეს, პროექტი იყოს საქართველოს ინტერესებზე და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ინტერესები, ეს პორტიც, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის, ეკონომიკის ინტერესებს, სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი და კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით და სახელმწიფოს უფლებების გარეშე ძალიან უპასუხისმგებლო კონცესიის შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება. როცა კომერციულ და სტრატეგიულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ორი პოლიტიკურად ძალიან მეგობარი ქვეყანა კომერციული კუთხით იყოს კონკურენტი და ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული. ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ანაკლიის განვითარებისთვის ოცი მილიონი ლარია გამოყოფილი.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესზე.

"ამ ეტაპზე, კონკრეტული მოლოდინის თქმა შეუძლებელია, როგორი იქნება საარბიტრაჟო დავის შედეგები. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობას მყარი პოზიციები აქვს, რომელიც შესაბამისი არგუმენტებითა და მტკიცებულებებით არის გამყარებული, რათა არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს და ქვეყანას განუხორციელებელი პროექტისთვის თანხის გადახდა არ მოუწიოს. ეს არის ცალკე იურიდიული პროცესი, რომელიც გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც განხორციელების პროცესზე. ეს არის საქართველოს სახელმწიფოსთან დავა და პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება იმ მოცემულობით, რაც მთავრობამ განაცხადა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში