საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს, მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი - ჯოზეფ ბორელი

08 სექტემბერი 2023, 13:24 606 ნახვა

ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება, ქვეყანამ აიღოს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელის თქმით, ნამდვილად ღირს მუშაობა არა მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, არამედ ქართველ ხალხს ყოველდღიურობა გაუუმჯობესდეს.

„ჩემი საქართველოში ვიზიტის პროცესში, თქვენთან, ქართველ ხალხთან სამი ძირითადი გზავნილი მაქვს. პირველი არის ის, რომ ნამდვილად, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მხოლოდ რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში. უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში.

ბატონო პრემიერო, თქვენ ნამდვილად ბრძანეთ და გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან. უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და უმცირესობას უნდა ჰქონდეს თანამშრომლური სულისკვეთება. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა.

რაც შეეხება მთავრობასა და მმართველ პარტიას. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ შემცირდეს პოლიტიკური დაძაბულობა, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან ევროპეიზაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე, შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენს დასკვნაში. ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დანარჩენი ცხრა პროცესშია, შესასრულებელია. თუმცა, დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად.

 

პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი.

 

ჩემი გამოცდილებით, მინდა, გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება, ქვეყანამ აიღოს. მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს. ყველაზე ძლიერი ტრანსფორმაციული ძალაა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მისივე განცხადებით, რეფორმების მიმართულებით ქართული ძალისხმევა იქნება დაფასებული.

მისივე თქმით, საქართველოს ყოველთვის შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. გვინდა, რომ საქართველომ ევროპეიზაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს. გვინდა გაიმარჯვოთ, ამისთვის ყველა მხარდაჭერას მოგაწვდით, რაც იქნება საჭირო.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ნამდვილად ბევრი მიმართულებაა გასაუმჯობესებელი.

ბორელის განმარტებით, მეორე ფრონტის გახსნის საკითხი არის ხმაური, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, სისულელ იქნება, ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხალხის მოსაწამლად ხდება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება, რადგან ეს ქმნის პრობლემას. ეს ყველაფერი ხალხის მოსაწამლად ხდება, რომ გზავნილები შეილახოს, უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. ქვეყანაში რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური, ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება თანხვედრას ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ერთიანი მიდგომა გვქონდეს, რაზეც ვცდილობთ შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვაქვს შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ზუსტად ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან, ჩვენი პოზიციის თანმხვედრი იყოს მათი პოზიცია. როდესაც კანდიდატები გადაიზრდებიან წევრ სახელმწიფოდ, მათაც შეძლონ იმავეს კეთება, რადგან თავსებადი იყოს მათი პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერ-მინისტრთან ამაზე საუბარი, ძალიან თავაზიანად ვახსენეთ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და გიდასტურებთ, ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს, ეს მაჩვენებელიც უნდა გაუმჯობესდეს"- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი