რიკოთის მონაკვეთზე მეწყერი არ გააქტიურებულა, აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, ჩატარდა გამაფრთხილებელი ღონისძიებები, დღეს რიკოთი არის უსაფრთხო - ირაკლი ქარსელაძე

14 აგვისტო 2023, 15:25 565 ნახვა

რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოწოლილა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა, – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

„რიკოთთან დაკავშირებით მედიასთან შეხვედრა გავმართე, რათა მოსახლეობისთვის მაქსიმალურად დასაბუთებული, არგუმენტირებული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ვინაიდან ზოგიერთმა ოპონენტმა მაინც ვერ გაიგო რამდენიმე საკითხი ან გაიგო, მაგრამ დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებენ, ჩვენი მოსახლეობა რომ მშვიდად იყოს რიკოთთან და მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა, რამდენიმე ძირითად საკითხთან მიმართებით განმარტება გავაკეთო .

 

ამჟამად რიკოთზე დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. ამ რეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყრის კერა. აღნიშნული ვითარების შეფასების საფუძველზე, სპეციალისტების მიერ მიჩნეულ იქნა, როგორც მომეტებული საფრთხე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დროებით დაგვეკეტა, რათა გაგვეფართოებინა გზა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო, ანუ ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რითაც აღნიშნული მონაკვეთი უსაფრთხო იქნებოდა. გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მაქსიმალურად თავიდან იყოს არიდებული პოტენციური რისკიც კი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოწოლილა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა. ჩატარდა შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო. რიკოთის მონაკვეთი უსაფრთხოა ახლა და უსაფრთხო იქნება მშენებლობის შემდეგ“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ოპონენტებმაც კარგად იციან, რომ რიკოთი არის უსაფრთხო.

„შეხვედრები მიძღვნილი იყო, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის გაგვეზიარებინა ფაქტობრივი გარემოებები, სინამდვილე. დავინახეთ, რომ ეპონენტებმაც გაიზიარეს საკმაოდ ბევრი არგუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იქნა, თუმცა მაინც არის გარკვეული მცდელობა, მანიპულაციებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი გამოთქმებით გააგრძელონ კამპანია, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ოპონენტებმაც ძალიან კარგად იციან და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რომ რიკოთი ნამდვილად არის უსაფრთხო. ეს არ არის ზეპირი მსჯელობა ან ერთი კონკრეტულია ადამიანის, თუნდაც მინისტრის მსჯელობა, ეს არის დიდი გუნდის ძალისხმევა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში