საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობაა.
პაპუაშვილის თქმით, ინფორმაციის მისაღებად პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, მათ შორის არის სადეპუტატო შეკითხვა, თუ ინტერპელაციის წესით მინისტრის დაბარება.
"უნდა თქვან, რა კითხვები დარჩა, რომელზეც პასუხი ვერ მიიღეს? მეორე – თუკი რამე აქვთ, ამ კითხვებისთვის რამდენად არის აუცილებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა. მე უფრო მესახება, რომ ეს არის საგამოძიებო კომისიებით მორიგი პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა. პარლამენტის წევრებს აქვთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, იქნება ეს სადეპუტატო შეკითხვა, თუნდაც ინტერპელაცია. შეუძლიათ, ინტერპელაციით დაიბარონ მინისტრი და ყველა ამ საკითხზე დაუსვან კითხვები, მოისმინონ პასუხები. ამიტომ ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის კიდევ ერთი მცდელობა, რაც არ ეკადრება ამ მდგომარეობას, რაც ჩვენ ამ სტიქიიდან გამომდინარე გვაქვს.
ვფიქრობ, პოლიტიკოსები უფრო სერიოზულად და პასუხისმგებლობით უნდა უდგებოდნენ ამ საკითხს და ასეთ სტიქიას, ტრაგედიას იყენებდნენ არა თავიანთი პოლიტიკური მიზნებისა და ქულებისთვის, არამედ ამ შემთხვევაში, თუ აქვთ რაიმე საგნობრივი ინტერესი, ვიმეორებ, აქვთ საკმარისი ინსტრუმენტები. თუ ამ ყველაფრის შემდეგ, მათ შორის დღევანდელი ბრიფინგის, გუშინდელი დასკვნების და სატელიტური ფოტოების გათვალისწინებით რაიმე ღია კითხვა აქვთ, დასვან საჯაროდ, იქნებ საჯაროდაც იღებენ პასუხოს. ან შეუძლიათ, ინტერპელაციის წესი გამოიყენონ. იქ ხომ არ არის აუცილებელი კენჭისყრა და ა.შ. მიკვირს, რომ ზუსტად იმ ინსტრუმენტს, რომელიც აქვს ხელში ფრაქციას, უაპელაციოდ შეუძლიათ გამოიყენონ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ, ეჭიდებიან სხვა ინსტრუმენტს, რომლისთვისაც საჭიროა, რომ თავად ოპოზიციაც მობილიზდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის უფრო პოლიტიკური ისტერიის შექმნის მცდელობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტიქიის ზონაში ყველა სამუშო ძალიან სწორად იყო დაგეგმილი და შესრულებული.
"მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სტიქიის ზონაში მუშაობს და აქ ვერ დავიღლებით ამ მადლობის გადახდით, ვინაიდან ვხედავთ რა პირობებში უწევს თითოეულ მაშველს, ჯარისკაცს, პოლიციელს, სპეციალური ტექნიკის ოპერატორებს, ასევე, მოხალისეებს მუშაობა და ნამდვილად დასაფასებელია მათი ეს შრომა. აღტაცებას გვრის ყველას, როდესაც ხედავ ამ პირობებში, როგორ თავდაუზოგავად შრომობენ.
რაც შეეხება თავად ორგანიზებას, ვფიქრობ, რომ შტაბი, რომელიც შექმნილი იყო, ისიც იმსახურებს შექებას, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ რამდენად ოპერატიულად მოხდა დიდი ძალის ტექნიკის მობილიზება, როგორც ადამიანური რესურსების მხრივ, რამდენად პროფესიონალურად დაიგეგმა მთლიანად შემდეგი პროცესი. სპეციალურად ახალი გზები გაიჭრა და მიიყვანეს სხვადასხვა ადგილზე. დღეს უკვე გზა სრულადაა გახსნილი, მართალია გრუნტის, მაგრამ კავშირი აღდგა გლოლასა და მამისონის უღელტეხილთან. ასე, რომ ამ მხრივ, დროებითი გზა აღდგენილია. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ძალიან სწორად იყო დაგეგმილი და შესრულებული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სტიქიის ზონაში 21 გარდაცვლილია ნაპოვნი, 12-ის ძებნა მიმდინარეობს, უპრეცედენტო მობილიზებით რაც გაკეთდა, უკვე ყველა მონაკვეთთან შესაძლებელია მისვლა.
"დღეს ვნახეთ საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგი, რომელმაც დეტალურად აღწერა მთლიანად პროცესი პირველი წუთიდან დღემდე, რას აკეთებდა საგანგებო სამსახური. ვფიქრობ, ის, რასაც ჩვენი საზოგადოება ისედაც თვალნათლივ ხედავდა, განსაკუთრებით კი ადგილობრივები, ეს კიდევ ერთხელ შეჯამების სახით მოისმინა ყველამ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება.
"3 ვერტმფრენი უკვე შეძენილია. ხდება მისი ეტაპობრივი მოწოდება. ამიტომ, ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია. ხელშეკრულება თუ არ ვცდები დაიდო შარშან, არ მინდა თარიღში შევცდე. 3 ვერტმფრენი შეძენილია და მათ მოწოდებას ველოდებით. მეორეა, ამ საკითხის მანიპულაციური დაკავშირება სტიქიასთან"- განაცხადა პაპუაშვილმა.