სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, მთელი ღამე მუშაობდა სითბური დრონები - მღებრიშვილი

10 აგვისტო 2023, 12:12 601 ნახვა

სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას - მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ მედიასთან ისაუბრა.

მისივე თქმით, შეტყობინების შემოსვლისთანავე, როგორც თბილისიდან ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო.

"როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. სტიქიის ზონაში გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და მინისტრის მოადგილე, შემთხვევის ადგილზე გავემგზავრეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული ვერტმფრენი სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დაფრინდა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

როგორც თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, სტიქიის პირველივე ღამესვე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.

„ვერტმფრენისა და სითბური დრონების საშუალებით დათვალიერდა სტიქიის ზონის მიმდებარე პერიმეტრი, პარალელურად, პოლიციის თანამშრომლებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც დამეწყრილი ტერიტორიებიდან ხდებოდა მოქალაქეების გამოყვანა და მობილიზება. ამავდროულად ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საგანგებო თათბირი, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდა დამატებით ცხელი ხაზი, დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, შოვში სტიქიისას საერთო ჯამში, მიღებული იქნა 62 შეტყობინება და პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი.

მღებრიშვილის განმარტებით, დაიდენტიფიცირებული იქნა შეტყობინებებში მყოფი პირები, მათ შორის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე და საბოლოოდ, სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა უკრაინის რესპუბლიკის ორი და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე.

მისივე განცხადებით, მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის ვინაობა მოგვიანებით დაზუსტდა.

„უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა საგამოძიებო და ოპერატიული სამუშაოები. დაიდენტიფიცირებული იქნა შეტყობინებებში მყოფი პირები, მათ შორის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე და საბოლოოდ სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა უკრაინის რესპუბლიკის ორი და რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე. მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, საიდანაც 2 პირთან მალევე მოხდა დაკავშირება. დაკარგული 34 პირიდან, მოხდა 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის – ზურაბ ბიბილეიშვილის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო სამუშაოების შედეგად, მოხდა შეტყობინების ინიციატორთან ინფორმაციის გადაზუსტება და ამ მონაცემების მქონე პირის დაკარგულთა სიიდან ამოღება მოხდა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი