სპეციალური საგამოძიებო სამსახური შსს-ს სამმართველოს უფროსს, გოგა რაზმაძეს მოუწოდებს გამოძიებასთან ითანამშრომლოს

10 აგვისტო 2023, 11:57 655 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსს, გოგა რაზმაძეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გოგა რაზმაძემ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, განმეორებით 2023 წლის 4 აგვისტოს მიმართა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე რეაგირების მოხდენა ითხოვა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ  სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ყველა საჭირო პროცესუალური მოქმედება ჩაატაროს.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მზად არის, დაიცვას გოგა რაზმაძის უფლებები და ინტერესები, რისთვისაც აუცილებელია მან ითანამშრომლოს გამოძიებასთან და განცხადებაში მოყვანილი გარემოებების ირგვლივ, გამომძიებელთან გასაუბრების გზით, მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია და გააკეთოს განმარტებები.

გოგა რაზმაძემ იგივე ფაქტთან დაკავშირებით სამსახურს პირველად 2023 წლის 14 ივლისს მიმართა. განცხადებაზე რეაგირების მიზნით იგი დაბარებული იქნა საგამოძიებო ორგანოში, სადაც მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ ისურვა გამომძიებელთან გასაუბრება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსს გოგა რაზმაძეს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

სამსახური მზად არის, კანონიერი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ყველა საჭირო პროცესუალური მოქმედება ჩაატაროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში