ვითვალისწინებთ რა საქართველოს უზარმაზარ ტურისტულ პოტენციალს, გვჯერა, ჩვენი საჰაერო კავშირის გაფართოება ჩინეთთან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ და ბიზნესურთიერთობებს მრეწველობის სფეროს დაინტერესებულ სუბიექტებთან.
"ჩინეთთან ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობის აღიარებით, მოხარული ვართ, რომ თბილისი-ურუმჩის შორის ფრენები მიმდინარე წლის იანვარში განახლდა, კვირაში სამი რეისი სრულდება და დიდი პოტენციალი გააჩნია. ვითვალისწინებთ რა საქართველოს უზარმაზარ ტურისტულ პოტენციალს, გვჯერა, რომ ჩვენი საჰაერო კავშირის გაფართოება ჩინეთთან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდაში; ეს ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ და ბიზნესურთიერთობებს მრეწველობის სფეროს დაინტერესებულ სუბიექტებთან. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია, გავაძლიეროთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია არსებული და ახალი მაღალი სიმძლავრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენებით, რაც საქართველოს მეზობელ ევროპულ და აზიურ ქვეყნებთან დააკავშირებს. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისა და აზიის ციფრული კავშირის ხელშეწყობა. განვიხილავთ რეგიონული ციფრული ჰაბის შექმნას, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს საერთაშორისო კავშირს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურასთან ევროპისა და აზიის უმოკლესი მარშრუტით დაკავშირებას და, მეორე მხრივ, რეგიონული მონაცემთა ცენტრების შექმნას. ამჟამად მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის, ციფრული ჰაბისა და დერეფნის განვითარების კონცეფციის საკონსულტაციო სერვისის მოკვლევა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს და ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულ ისტორიად იქცევა კავშირების გაღრმავებით და საერთო მიზნების რეალიზებით.
"საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის უმნიშვნელოვანეს როლს გლობალურ ეკონომიკაში და მის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებასა და პროგრესში. ჩინეთის დინამიურმა ზრდამ, ინოვაციებმა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ერთგულებამ ის აქცია ძირითად პარტნიორად გლობალური გამოწვევების გადაჭრისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მხარს უჭერს პრეზიდენტ სის გლობალურ ინიციატივებს, როგორიცაა გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. გამოვთქვამთ მზადყოფნას გავაძლიეროთ თანამშრომლობა მათ ფარგლებში.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულ ისტორიად იქცევა კავშირების გაღრმავებით და ჩვენი საერთო მიზნების რეალიზებით. ამ თვალსაზრისით, მტკიცედ ვაცხადებ, რომ ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მეგობრულ გარემოს და ყველა საჭირო მხარდაჭერას ასეთი მიზნების განსახორციელებლად.
საქართველო არის უცილობელი კავშირი 8 ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის, რომელიც ხელს უწყობს უწყვეტ ვაჭრობას ორ კონტინენტს შორის ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ადამიანური კაპიტალით და რეგიონული დაკავშირებადობით. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ჩემი ქვეყანა ამ ფართო რეგიონში მოიაზრება როგორც განსაკუთრებული კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო კომპანიებისა და ბიზნესებისთვის.
ბიზნესი საქართველოში ფასდაუდებელ წვდომის ადგილს პოულობს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონებში, რაც მათ საშუალებას აძლევს წვდომა იქონიონ მრავალფეროვან ბაზრებზე. როგორც ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ენერგეტიკის გადამწყვეტი შესვლისა და გასვლის ადგილი, საერთაშორისო კომპანიებს ვთავაზობთ უაღრესად კონკურენტულ გარემოს, რათა თავიანთი საქმიანობა გააფართოონ ამ ფართო რეგიონში.
უფრო მეტიც, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან. საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 45 ქვეყანასთან (მათ შორის ევროკავშირის 27 სახელმწიფოსთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, თურქეთთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან) და კიდევ ბევრი გვაქვს მოლაპარაკების ფაზაში. შესაბამისად, საქართველოს პროდუქციას შეუძლია მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე შევიდეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც დაახლოებით 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს”, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგიის რესურსებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰიდრორესურსები.
"ჰიდროენერგეტიკაში დაახლოებით 40 მილიარდი კვტ/სთ ეკონომიკურად გამართლებული პოტენციალის არსებობის მიუხედავად, ამჟამად მისი მხოლოდ 30% არის ათვისებული. ამიტომ ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ჰესების პროექტების განხორციელებით. სწორედ ამიტომ, ინვესტორების მოზიდვის მიზნით, გასულ წელს შემუშავდა და დამტკიცდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ეფუძნება კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებს. მხარდაჭერის სქემა გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროების სიმძლავრის აუქციონებს. ახალი სქემა ნერგავს სხვაობის დაფარვის კონტრაქტის (CfD) კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის საბაზრო ფასსა და სახელშეკრულებო ფასს შორის სხვაობის კომპენსაციას. ამიტომ ეს მექანიზმი ინვესტორებს აძლევს გარანტიას, რომ ისინი წლების განმავლობაში მიიღებენ გონივრულ შემოსავალს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მწვანე ენერგიის წარმოებას და ექსპორტს, არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ინიციატივა - ეს ჩემი ინიციატივაა, რომელიც ორი წლის წინ გავაჟღერე – ის მნიშვნელოვან დაპირებას იძლევა საქართველოს მომავალი ენერგეტიკული ლანდშაფტის შესახებ, რადგან შეესაბამება ქვეყნის ვალდებულებას განახლებადი რესურსების განვითარებისა და უფრო მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისკენ. ამ ამბიციური პროექტის მონაწილეები არიან ასევე აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიები და ზემოაღნიშნული პროექტები მჭიდრო კავშირშია „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის მიზნებთან. ამიტომ საქართველო აქტიურად არის ჩართული მასში და ადასტურებს ნაკისრს ვალდებულებას, როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი და პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამტკიცა მისი წესდება.
მსურს, გამოვხატო გულწრფელი სიხარული „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში დღეს ჩინეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნოვატორული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. ასევე, მინდა, ვახსენო, რომ ჩემი ინიციატივით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს საქართველო წარმატებით ატარებს 2015 წლიდან მოყოლებული და სამი ასეთი ღონისძიება შედგა. ამ ფორუმებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის წინსვლაში, საერთაშორისო პლატფორმის შექმნაში მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესსა და საზოგადოების ლიდერებს შორის მაღალი დონის დიალოგის საწარმოებლად მრავალი მიმართულებით“,- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო არის ნამდვილი სავაჭრო ცენტრი ევროპასა და აზიას შორის და რეგიონის წამყვანი ეკონომიკაა ზრდის თვალსაზრისით.
"ცალკე მსურს, აღვნიშნო ქართული ღვინო. მოგეხსენებათ, საქართველო ღვინის აკვანია. ჩემი ქვეყნის მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია 8000 წელს ითვლის. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უძველესი დროიდან განვითარებული მეთოდები არ მიტოვებულა და დღემდე გამოიყენება მეღვინეობაში. მისი კულტურული მნიშვნელობის დასტურად და UNESCO-ს პრინციპების შესაბამისად, თიხის ჭურჭელში – ქვევრში – ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძვირფასო მეგობრებო, ქვევრი იყო პირველი ჭურჭელი, რომელიც გამოიყენებოდა მეღვინეობაში, არქეოლოგიური აღმოჩენებით, ის 8000 წლით თარიღდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება, ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი.
"ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. პორტი განვითარდება ცხრა ფაზაში, რათა მიაღწიოს წლიურ სიმძლავრეს 100 მილიონი ტონის ოდენობით. ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა. აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საქართველოს მასშტაბით ლოგისტიკური ცენტრების განვითარების საჭიროების გამოსაკვლევად.
ასეთი ცენტრების შექმნა გააუმჯობესებს ლოჯისტიკური მომსახურების ხარისხს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის პოზიციებს. ჩემი მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე, მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრით და ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით, რომლებიც კონტინენტებს, ქვეყნებსა და ხალხს დააკავშირებს. ჩვენი მიზანია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად ვაქციოთ, საჰაერო ტვირთების ეფექტური ინფრასტრუქტურით და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით. ეს საქართველოს გლობალურ საავიაციო ლანდშაფტში წამყვან მოთამაშედ აქცევს”, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მე-4 ფორუმი წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება საქართველოში.
"ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება შეკრებს 2000-მდე დელეგატს, მთავრობათა მაღალჩინოსნებს და ბიზნესის წარმომადგენლებს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ჩინური ბიზნესწრეები მოვიწვიო ხსენებულ ფორუმზე. მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ერთობლივი განცხადება კი დღეს გაავრცელა.