სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალებთ - ჯანდაცვის სამინისტრო

31 ივლისი 2023, 13:31 425 ნახვა

სახელმწიფომ აიღო სრული პასუხისმგებლობა და გარანტია, რომ ყველა ბავშვს, რომელსაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი, მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.

„ისტორიული პროექტი დავიწყეთ, როცა ჩვენი ბავშვებისთვის შევძელით და სახელმწიფომ აიღო სრული პასუხისმგებლობა და გარანტია, რომ ყველა ბავშვს, რომელსაც ექნება ონკოლოგიური დიაგნოზი მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალებთ. ამისთვის ბიუჯეტი არის დაახლოებით, 30 მილიონი ლარი, თუმცა ეს ამით არ შემოისაზღვრება. ძალიან მიხარია, რომ გამოჯანმრთელების შედეგები მაღალია.

ჩვენ გასული წლის ბოლოს დავაანონსეთ, რომ აუცილებელია, საქართველოში იყოს მძლავრი სახელმწიფო კლინიკა და მათ შორის, მძლავრი სახელმწიფო ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი. უკვე პროექტი დამუშავების ეტაპზე გვაქვს და მოვიაზრებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთ ცალკე ბლოკად, სადაც განთავსებული იქნება ბავშვთა ონკოლოგია.

ამასთან ერთად, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, სანამ ჩვენ ამ ყველაფერზე ვიმუშავებთ, მოგეხსენებათ, ძალიან იშვიათი შესაძლებლობაა ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, რომ ჩვენ გვექნება პროტონოთერაპიის ცენტრი ქუთაისში“, - განაცხადა მინისტრმა.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 18-წლამდე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები ფორმდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში