სრულ ინფორმაციას ვუზიარებთ ევროპელ კოლეგებს, 1 300-მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა სანქცირებული პროდუქცია - პრემიერი

30 ივნისი 2023, 17:42 617 ნახვა

ომის დაწყების დღიდან, მას შემდეგ, რაც ე.წ. ფინანსური სანქციები იქნა დაწესებული, სრულ ინფორმაციას ვუზიარებდით ევროპელ კოლეგებს. 1 300-მდე შემთხვევა აქვს იდენტიფიცირებული ფინანსთა სამინისტროს. სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა სანქცირებული პროდუქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

მისივე თქმით, საქართველო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდება.

„მოგეხსენებათ, საქართველოში ჩამოსული იყო ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი, სანქციების საკითხებში კოორდინატორი, ასევე ევროკავშირის წარმომადგნელი, ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი. ჩვენ მანამდე დისტანციურ რეჟიმში გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული, ნაყოფიერი თანამშრომლობა მათ ოფისებთან. ომის დაწყების დღიდან დღემდე ასეთ რეჟიმში ვიყავით, სრულ ინფორმაციას ვუზიარებდით ევროპელ კოლეგებს მას შემდეგ, რაც ე.წ. ფინანსური სანქციები იქნა დაწესებული, შემოღებული და შეზღუდვები გარკვეულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ცხადი. იმთავითვე ჩვენ ხმამაღლა გამოვაცხადეთ, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და აქ სანქცირებული კომპანიები, ინდივიდები ვერ განახორციელებდნენ არასანქცირებულ ტრანზაქციებს, მათ შორის არასანქცირებული პროდუქციის გავლა არ მოხდება ჩვენი ქვეყნის ჩართულობით, ჩვენი ქვეყნის გავლით. შესაბამისად, ჩვენი ეს პოზიცია დადასტურდა საკმაოდ ეფექტურ ქმედებებში.

თქვენ მოისმინეთ, საზოგადოებამ მოისმინა მათ მიერ გაკეთებული შეფასებები. მათ თქვეს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიან კონტროლს ახორციელებს. შექმნილია ეფექტური სისტემა, რომელიც მინიმუმამდე აზღვევს რისკებს. ასევე, ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1 300-მდე შემთხვევა აქვს იდენტიფიცირებული ფინანსთა სამინისტროს. ჩვენ ეს ვაცნობეთ ევროპელ კოლეგებს, ევროპულ სახელმწიფოებს და სწორედ მათი ქვეყნებიდან მოემართებოდა, მოდიოდა ეს სანქცირებული პროდუქცია.

ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესში ვართ აბსოლუტურად პირნათელი. არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ გვაქვს, ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი გაცემული. აბსოლუტურად გამჭვირვალე და პირნათელი ვართ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი ჩვენ მიმართ, რომ საქართველომ ვინმეს რაიმე სანქციის გვერდის არიდებაში დაეხმარა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საკუთარი ქვეყნის მიმართ მტრობაა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში სანქციებისთვის გვერდის ავლა ხდება.

„მავნებლობაა, როცა ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ყოველგვარი საფუძვლების გარეშე საკუთარ ქვეყანას ბრალს სდებთ, ცილს სწამებთ, თურმე აქ სანქციების გვერდის ავლა ხდება და საქართველო გადაქცეულია „შავ ხვრელად“. ამას ჰქვია საკუთარი ქვეყნის მტრობა და საკუთარი ქვეყნის წინაღმდეგ მავნებლობა. ამას სჩადიოდნენ ეს ადამიანები, აქ რომ აღარ არიან,  რადგან ვერ მოისმენდნენ სიმართლეს, სიმართლის მოსმენა უჭირთ, ისე არიან გაუბედურებული. ამიტომ ბოდიში უნდა მოიხადონ ყოველდღე ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებისთვის.

არაერთი ბინძური სტატია შეუკვეთეს მათ და მათმა ლობისტებმა მთელ ევროპაში, მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ხდებოდა სანქციების დარღვევა. შეგნებულად არ მინდა, ჩამოვთვალო, არ ვთვლი მიზანშეწონილად, ეს ქვეყნები ჩამოვთვალო. იმ ქვეყნებში ხდებოდა სანქციების დარღვევა. ჩვენ აქეთ დავეხმარებით, 1 300 შემთხვევა გამოვუვლინეთ. შეგნებულად ამაზე ღიად არ ვსაუბრობდით, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. მავნებელი ოპოზიცია აგრძელებდა მტრულ საქმიანობას და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უკვეთავდა ათეულობით სტატიას. ყოველკვირა ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში საუბარი იყო, თითქოს ჩვენ სანქციების გვერდის ავლის მთავარი ცენტრი, ჰაბი გავხდით. ამის არცერთი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი. ამას მე ვამბობ, როგორც მთავრობის მეთაური და ამას ამბობს სწორედ ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ვიზიტით მყოფმა სანქციების ჯგუფის წევრებმაც საჯაროდ განაცხადეს, რომ საქართველოს მიმართ კითხვები არ არსებობს.

"გახსოვთ, თვეების წინ გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც მკაფიოდ, ხმამაღლა ითქვა, რომ ქართული საფინანსო ინსტიტუტები, მთელი ფინანსური სისტემა მუშაობს ეფექტურად და არ ხდება სანქციების გვერდის ავლა, დარღვევა. არ ვიცი, ამაზე მკაფიო განცხადება რა შეიძლება, ყოფილიყო. ახლა ჩამოვიდა ბატონი ო’ბრაიენი, ასევე სხვა ბატონები, სალივანი, ასევე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი და მათაც მკაფიოდ, საჯაროდ განმარტეს, რომ მადლიერი არიან ჩვენთან თანამშრომლობით. ჩვენ ძალიან ბევრი ღია საუბარი გვქონდა, ვისაუბრეთ რისკებზეც, მათ შორის შევთანხმდით თანამშრომლობის გაგრძელებაზე. საჯაროდ თქვეს, რომ კითხვები არ არსებობს და მთავრობას შექმნილი აქვს მონიტორინგის, კონტროლის ეფექტური სისტემა. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი პარტნიორები და ჩვენ ვიცავთ წესებს. რასაც ვამბობთ, იმას აღვასრულებთ ჩვენი საქმით და ქმედებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი