იმედი გვქონდა, პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობის მხარეს, თუმცა სხვა მხარე აირჩია და გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო - შალვა პაპუაშვილი

23 ივნისი 2023, 11:08 686 ნახვა

იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი დადგებოდა კანონის უზენაესობისა და ქართველი ხალხის მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს, თუმცა მან სხვა მხარე აირჩია და ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ზეწოლის შედეგია.

„თავად პრეზიდენტი საუბრობდა ამაზე, რომ გარედან იყო მასზე ზეწოლა. საჯაროდაც ხედავდით, რომ ეს მოწოდებები რომელიც იყო პრეზიდენტის მიმართ, ესეც რა თქმა უნდა ზეწოლაა რომლითაც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტს მის დისკრეციულ უფლებამოსილებაში ზედმეტად ერევი და აძლევ რჩევებს, რომელიც არავის ეკითხებოდა. რეაქციებითაც ვხედავთ ვინ იყვნენ ის სუბიექტები, რომლებიც პრეზიდენტს მოუწოდებდნენ.

 

ყველა, ვინც პრეზიდენტს მოუწოდებდა, რომ შეეწყალებინა ნიკა გვარამია, რადგან ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამით არასწორ კავშირს აკეთებდა ევროკავშირის ინტეგრაციის საკითხზე, ყველა ეს ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია. თუ ნიკა გვარამიას ყოფნა საპატიმროში იყო ოპოზიციის მხრიდან პოლარიზაციის საფუძველი, გამოდის, რომ ახლა ვინაიდან ნიკა გვარამია შეწყალებულია, ბურთი არის ოპოზიციის მხარეს, აიღონ პასუხისმგებლობა და დავაკვირდეთ რამდენად შეცვლიან რადიკალურ დღის წესრიგს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რას ფიქრობს ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებაზე, რომელიც პოზიტიურად აფასებს სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, პაპუაშვილი ამბობს, რომ იმ არგუმენტის მიმართ, რომ ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციის გამო მიიღო პრეზიდენტმა, სკეპტიკურადაა განწყობილი.

„2020 წელს გიგი უგულავა შეიწყალა, თუ არ ვცდები, შემდეგ ვნახეთ 2021 წელს შეწყალება, ახლა შეწყალება და ყოველ ჯერზე იყო ზეწოლა გარედან მათ შორის შეწყალებასთან დაკავშირებით. ყოველ ჯერზე საუბარი იყო, რომ შეწყალების მიზანი არის დეპოლარიზაცია, სინამდვილეში ყოველ ჯერზე ამან მხოლოდ გააღრმავა პოლარიზაცია, ამიტომაც რა თქმა უნდა ამ არგუმენტის მიმართ სკეპტიკური ვარ და გამოდის, რომ ჩვენი პარტნიორებიც პასუხისმგებლობას იღებდნენ, ისინი, ვინც მოუწოდებდნენ პრეზიდენტს ამ ნაბიჯისკენ და მიაღწიეს ამ შედეგს, პასუხისმგებლობა მათაც აქვთ აღებული, რომ დეპოლარიზაცია მოხდება. დავაკვირდეთ ოპოზიცია რას იზამს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა. მან საპატიმრო გუშინვე დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი