სააკაშვილის „გამოჯანმრთელება“ და „დაბრუნება“ წარმოაჩენს, თუ რამდენად კოორდინირებულია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული მანქანა - პაპუაშვილი

22 ივნისი 2023, 12:06 462 ნახვა

საქართველოს მთავრობამ ისე იმოქმედა, როგორც უნდა ემოქმედა: შესაბამისმა უწყებებმა არა ერთხელ დაარწმუნეს საზოგადოება და უცხოელი პოლიტიკოსები, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობები მის საჭიროებებს პასუხობდა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოქვეყნებულ წერილში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ გავრცელებული ცრუ ბრალდებები მთავრობამ დროულად მოიგერია.

"მთავრობამ დროულად მოიგერია ყველა ბრალდება. წარდგენილ იქნა მტკიცებულებები სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის, ასევე, თვითდაზიანების მუდმივი მცდელობების შესახებ, რომლებსაც სააკაშვილი ხელისუფლების მიერ მისთვის ზიანის მიყენებად ასაღებდა. თუმცა, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, არასათანადო მოპყრობის შესახებ აღქმა კვლავ არსებობდა, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ. მოგვიანებით, სიმართლეს თანდათან ფარდა აეხადა. პირველი დიდი გამომჟღავნება ამერიკაში უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) წყალობით მოხდა, როდესაც იურიდიულ კომპანია „აკერმანსა“ და საზოგადოებასთან ურთიერთობების კომპანიასთან სააკაშვილის ოჯახის მიერ დადებული კონტრაქტები გამოქვეყნდა. ისინი, სააკაშვილის სახელით, მთელ მსოფლიოში მის გათავისუფლებას ლობირებდნენ. ამ საქმისთვის გადახდილი თანხა კოლოსალური იყო ქართული პოლიტიკისთვის - თითქმის მილიონ-ნახევარი აშშ დოლარი. ამ კონტრაქტებმა გამოააშკარავა კანონიერი დაკავებიდან სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებული ლობიზმის მასშტაბი და კოორდინაციის მცდელობები,’’ - წერს შალვა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო და ხმამაღალი ვერდიქტი საქართველოს მთავრობისადმი არსებული ბრალდებების წინააღმდეგ.



,,სულ ახლახან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა მის საზღვარგარეთ (ან სხვა დაწესებულებაში) სამედიცინო მკურნალობისთვის გადაყვანის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო და ხმამაღალი ვერდიქტი არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისადმი არსებული ბრალდებების წინააღმდეგ. მან ქვეყნის შიგნით გააჩუმა ბევრი რადიკალური ხმა და შეამცირა სააკაშვილის არასათანადო მოპყრობის შესახებ არასწორი აღქმები. ბოლოს კი, სააკაშვილმა თავად დამარხა საკუთარი რეპუტაცია, როდესაც მოულოდნელად აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის მზაობა გამოაცხადა და რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს საქართველოს კანონიერი მთავრობის მოშორებისთვის „ერთიანობისკენ“ მოუწოდა. რასაკვირველია, ამ საბოლოო ნაბიჯმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ის პოლიტიკოსები, საქართველოს შიგნითა და გარეთ, რომლებიც განგაშის ზარს რეკდნენ მთავრობის მიერ სააკაშვილის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ან, კიდევ უარესი, ადანაშაულებდნენ მთავრობას სააკაშვილისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებაში,’’ - წერს შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, საუბრობს სააკაშვილთან დაკავშირებით უცხოეთის პოზიციაზე და აღნიშნავს, რომ უცხოეთის რეაქცია მოცულობითი და ხმამაღალი იყო.

,,უცხოეთის რეაქცია მოცულობითი და ხმამაღალი იყო: ევროპელი დიპლომატები დემარშით მივიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან; ევროპის პარლამენტის სამმა რეზოლუციამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას შეეწყვიტა სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობა; რუსმა ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა სააკაშვილის შემთხვევა თავიანთ დღის წესრიგში შეიტანეს და მაგნიტსკის აქტის ავტორები მის თავგამოდებულ დამცველებად იქცნენ; უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა თავიანთი სოლიდარობა გამოხატეს; უამრავი სტატია დაიბეჭდა უცხოურ პრესაში, ცნობილმა სატელევიზიო კომპანიებმა და გამოცემებმა კი აღნიშნული „პრობლემა“ გააშუქეს. ქვეყნის შიგნით, სააკაშვილის ფრთის ქვეშ მყოფმა რადიკალურმა პარტიებმა, მისი ჯანმრთელობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის წამყვან საკითხად აქციეს. იყო ადამიანების ფართო ჯგუფების მობილიზების არაერთი მცდელობა სააკაშვილისადმი სოლიდარობის გამოსახატავად. მისმა მხარდამჭერებმა კლინიკიდან სააკაშვილის იძულებითი გამოყვანის გეგმებიც კი დასახეს. თუმცა, ხალხი არც ერთხელ არ მივიდა დემონსტრაციაზე იმიტომ, რომ ქართველებს, ზოგიერთი უცხოელისგან განსხვავებით, უკვე დიდი ხანია, სააკაშვილის აღარ სჯერათ,’’ - წერს შალვა პაპუაშვილი.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ოპოზიციის პოლიტიკური რადიკალიზმით ჩამოყალიბებული საგარეო იმიჯი აუფერულებს ქართველი ხალხისა და მთავრობის ბევრ მიღწევას.

მისი თქმით, დეზინფორმაციის მასშტაბის გამო, ჩვენს ზოგიერთ დასავლელ პარტნიორს უჭირს იმის დაჯერება, რამდენად მწირი რეალობა დევს მასიური ანტი-სამთავრობო ცილისწამების კამპანიის უკან.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი