2024 წლიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდება სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდები როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია - ზურაბ აზარაშვილი

12 ივნისი 2023, 16:07 636 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, ინ ვიტრო განაყოფიერებასაც შეეხება.

„2024 წლის პირველი იანვრიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდება სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდები როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია. მოგეხსენებათ, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ. ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა, საშუალება დემოგრაფიული მიმართულებით. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვტოვებთ როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ისე სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება, ვფიქრობთ, შემოდგომაზე უკვე დამტკიცდება, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

„დაკავშირებულია სხვადასხვა არაეთიკურ და ძალიან ცუდ პრაქტიკასთან, რადგან ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული. ბევრ სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა, იგივე ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო, არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო. ასევე, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

 

გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი დაურეგულირებელი იყო, ვერ ვადევნებდით თვალს, სად მიდიოდნენ ეს ბავშვები. არ აქვს მნიშვნელობა ერთსქესიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, იგივე ტრეფიკინგის და ბავშვით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები ყოფილიყო. აქედან გამომდინარე ჩაიკეტა ეს საქართველოს მოქალაქეებზე,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოში ინვიტრო განაყოფიერებასთან და სუროგაციასთან დაკავშირებული რეკლამების განთავსება აიკრძალება.

მინისტრის თქმით, ხუთი წლის წინ წელიწადში დაახლოებით 1 000 შემთხვევა იყო როგორც სუროგაციის, ასევე დონორობის, დღეს კი უკვე წელიწადში 2 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული პროცესი, დამკვეთები ძირითადად არიან არა საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულების დარეგულისრების რეკომენდაცია არსებობდა ჯერ კიდევ 2004 წლიდან და აღნიშნულ პუნქტს ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულებაც.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, სუროგატობის და დონორობის მსურველებს კომპენსაციის მხოლოდ იმ ოდენობის აღება შეეძლებათ, რომელიც ორსულობასა და მშობიარობასთან აუცილებელ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

მისივე თმით, კანონში შესატანი ცვლილებები „უანგარობის პრინციპის“ დარეგულირებასაც მოიცავს.

მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. აღნიშნულის შესახებ დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში