მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული

12 ივნისი 2023, 14:28 682 ნახვა

სუროგაციის მეთოდის გამოყენება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს დაშვებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, შეიმუშავეს კანონი, რომლითაც სუროგაციით უცხოელები ვერ ისარგებლებენ. აღნიშნულის შესახებ კანონპროექტი კი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო წლებია, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში არ არსებობს არავითარი რეგულაცია და შემაშფოთებელია მისი რეგულირების გარეშე დატოვება.

„საკითხი, რომელიც ვფიქრობ, საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს, ეს არის სუროგაციის საკითხი. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ შევქმენით დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები. ზურაბ აზარაშვილის უწყება მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში ამ თემაზე. მინდა, მაგალითები მოგიყვანოთ. ისეთი მათალგანვითარებული ქვეყნები, როგორებიც არის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიეტუვა, ესტონეთი, ამ ქვეყნებში სრულად არის აკრძალული სუროგაცია. არის ქვეყნები, სადაც ნაწილობრივ არის დაშვებული, როგორიცაა ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია.

ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილი არის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, უხეშად არ მინდა, ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ხდება ონლაინ, ვრცელდება ძალიან ბევრი რეკლამა და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ვრცელდება ძალიან ბევრი რეკლამა და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არის ინფორმაციები, შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ და შეიძლება, უამრავი პრობლემა იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება. შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნა პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს ამ ინიციატივას. ეს მხოლოდ დაშვებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვიცი, რომ ბევრი მსურველია, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, ეს მათთვის უნდა იყოს დაშვებული. ეს ერთი მხრივ, ძალიან დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი